მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დიახ, მე ვარ ნონა გაფრინდაშვილი, ვარ ქართველი... მთელი კარიერის მანძილზე ვეთამაშებოდი მამაკაც მოჭადრაკეებს და ხშირად ვამარცხებდი მათ“ - ნონა გაფრინდაშვილი მიმართვას ავრცელებს

ქართველი მოჭადრაკე

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი ამერიკელი მოსამართლის მიერ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ Netflix-ის შუამდგომლობის არ დაკმაყოფილებას ეხმაურება და მიმართვას ავრცელებს. 

ნონა გაფრინდაშვილს სჯერა, რომ ქართველი და ამერიკელი ადვოკატების პროფესიონალ გუნდთან და გულშემატკივრებთან ერთად მივა საბოლოო გამარჯვებამდე.

„ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, დებიუტი მოგებულია. ზოგადად, ცხოვრებაში და ასევე, სპორტში გამარჯვების მისაღწევად რამდენიმე აუცილებელი პირობა არსებობს: რწმენა, ბრძოლის წყურვილი და ჟინი, პროფესიონალიზმი და აუცილებელი კვალიფიკაცია, გულშემატკივრები და სიმართლე.

მე ვიცავ ჩემს განვლილ ცხოვრებას, ეროვნებას და მიღწევებს, რომლებსაც უღირსად შეეხნენ.

გულშემატკივრების საოცარ მხარდაჭერას მთელი ცხოვრება ვგრძნობდი. პროფესიონალიზმი ამ შემთხვევაში აისახება ჩემი ქართველი და ამერიკელი ადვოკატების უძლიერეს გუნდში, რომლებმაც საოცარი სამუშაო გასწიეს.

მადლობა ამერიკულ სასამართლოს, რომელმაც ძალზე კვალიფიციურად და სამართლიანად შეაფასა არსებული მოცემულობა. გამარჯვების წყურვილი და ბრძოლის ჟინი არასოდეს გამნელებია. ახლაც ღრმად მწამს, რომ ჩემს გუნდთან და ყველა ჩემს გულშემატკივართან ერთად მივალთ საბოლოო გამარჯვებამდე, რადგანაც სიმართლე ჩვენს მხარესაა და ეს მგონი მთელი სამყაროსთვის ცხადია დღეს.

დიახ, მე ვარ ნონა გაფრინდაშვილი, ვარ ქართველი. დიახ, მთელი კარიერის მანძილზე მე ვეთამაშებოდი მამაკაც მოჭადრაკეებს და ხშირად ვამარცხებდი მათ, ამიტომაც მერგო პატივი, გავმხდარიყავი პირველი ქალი დიდოსტატი მამაკაცებს შორის.

უღრმეს მადლობას ვუხდი უამრავ ადამიანს საქართველოში და მთელ მსოფლიოში, ვინც მე მხარდაჭერა და თანადგომა გამომიცხადა.

ბრძოლა გრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე. პატივისცემით, ნონა გაფრინდაშვილი“, - აღნიშნულია მიმართვაში.

ინფორმაციისთვის, მოსამართლემ „ნეტფლიქსის“ შუამდგომლობა გაფრინდაშვილის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მოჭადრაკე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, პირველი ქალი, რომელმაც ვაჟთა შორის დიდოსტატის წოდება მოიპოვა - ნონა გაფრინდაშვილი, უმსხვილეს სტრიმინგს „ნეტფლიქსს“ მის მიმართ შეურაცხმყოფელი, ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ედავება. საქმე ეხება სერიალ „ლაზიერის გამბიტს“ (The Queen’s Gambit), რომლის  კულმინაციურ ეპიზოდში, ჭადრაკის დიდოსტატის უმნიშვნელოვანესი კარიერული მიღწევის შესახებ მიზანმიმართულად გაჟღერდა ცრუ ინფორმაცია, რომ მას მამაკაც მოჭადრაკეებთან  არასდროს უთამაშია; ამავდროულად სერიალში იგი მოხსენიებულია, როგორც რუსი მოთამაშე.

(ცნობისთვის, „ნეტფლიქსი“ უმსხვილესი სტრიმინგ და მედია მაგნატია, რომლის  მხოლოდ 2020 წლის შემოსავალი დაახლოებით 25 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.)

უდავოდ დადასტურებული ფაქტია, რომ ნონა გაფრინდაშვილი 1950-იანი წლების ბოლოდან წარმატებით ასპარეზობდა მამაკაცთა ტურნირებზე საბჭოთა კავშირის მასშტაბით და 1960-იანი წლებიდან მონაწილეობს და იგებს პრესტიჟულ საერთაშორისო მამაკაცთა ტურნირებს.