მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიმიტრი ტორაძე ზვიად კორძაძეს ტელედებატებში იწვევს

ადვოკატები დიმიტრი ტორაძე, ზვიად კორძაძე Pia.ge

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის ზვიად კორძაძის შეკითხვებს დღეს „თიბისი ბანკის“ ბრიტანელი აქციონერის იან მალქოლმ ჰოქის ადვოკატმა დიმიტრი ტორაძემ უპასუხა. უპირველეს ყოვლისა, ტორაძემ მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით შეტანილ საჩივარზე ისაუბრა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ამ სარჩელში წერია, რომ ბრიტანელი აქციონერის მხარე არის არასათანადო.

„ზვიად კორძაძემ კონფერენციაზე გააჟღერა დებულებები, ჩვენი შეფასებით არც თუ ისე კორექტული. ერთადერთი კორექტული ფაქტი, რომელიც მან ბრიფინგზე თქვა, ეს იყო, რომ მან შეიტანა საჩივარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით. ამ ბრიფინგის მერე, ჟურნალისტმა დამირეკა და შევამოწმე სასამართლოს ელექტრონულ ვებგვერდზე, არ იდო ეს ინფორმაცია, მაგრამ დღეის მდგომარეობით ეს ინფორმაცია დევს, რომ საჩივარი შეტანილია და დათარიღებულია 19 ივლისით, ანუ როცა ბრიფინგი ჩატარდა. მოკლედ გეტყვით, ამ სარჩელში წერია, რომ ჩვენ ვართ არასათანადო მხარე და ამიტომ, უნდა გაუქმდეს. სხვა მატერიალური არგუმენტი მითითებული არ არის.

ძალიან საინტერესო იყო ყველა დანართი დოკუმენტი, რომელიც რიგი მედიის ხელში მოხვდა, გარკვეული მოთხოვნის გარეშეც კი. როგორც ადვოკატმა განაცხადა, ისინი ასაჩივრებდნენ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას მიუხედავად იმისა, რომ მათ არ ჩაჰბარებიათ სარჩელი. ანუ, რა უნდა ვთქვათ, რომ მინიმუმ განჩინება ჩაჰბარდათ და განცხადებას იცნობენ, იმიტომ, რომ ციტირება ხდებოდა განცხადებებიდან და არა მათი პოზიციის ფიქსირება“, - აღნიშნა ტორაძემ.

შემდეგი კითხვა, რომელსაც პასუხი გასცა ჰოქის ადვოკატმა, არის ზვიად კორძაძის მიერ რამდენიმე დღის წინ დასმული. კორძაძეს აინტერესებდა, საიდან ჰქონდა განაჩენი დიმიტრი ტორაძეს.

ტორაძის მტკიცებით, აღნიშნული განაჩენი გამოქვეყნებული იყო ხაზარაძე-ჯაფარიძის მხარდამჭერ იურისტთა მიერ ერთ-ერთ საჯარო ჯგუფში, სადაც ნებისმიერ ადვოკატს შეეძლო აზრის დაფიქსირება. გარდა ამისა, ტორაძემ ისაუბრა კორძაძის მიერ პრესკონფერენციაზე წარმოდგენილ დოკუმენტებზე და დასძინა, რომ ისინი ერთმანეთთან წინააღმდეგობრივია.

„მე საიდან მქონდა განაჩენი კი არა, ციტატებიო, განაჩენიო, რაზე იყო სარჩელი აგებულიო. თუ სარჩელი ნანახი არ აქვს ადამიანს, როგორ შეიძლება ის ამბობდეს, რომ მე რამე ციტატები მომყავს. ამბობდეს რაზეა სარჩელი აგებული და რა ფაქტობრივი გარემოებებია მითითებული. საჩივარს, რომელიც მან შეიტანა, ახლავს 4 დოკუმენტი. პირველი ეს არის „თიბისი ბანკის“ წერილი, ძალიან საინტერესო დოკუმენტია. გაასაჩივრა ბატონმა ზვიადმა.  „თიბისიმ“ გასცა პასუხი, რომ „იან მალქჰოლ ჰოქს იმიტომ არ ვუპასუხე, რომ ჩემი აქციონერი არ არისო“.

შემდეგი დოკუმენტი რაც წარმოადგინა არის სააქციო საზოგადოება „კავკას რეესტრის“ დოკუმენტი, რაზედაც მითითებულია ეს სამი პოზიცია. იან მალქჰოლ ჰოქი არ არის „თიბისი“ კაპიტალის ნომინალურ ფლობელობაში და არც თავისი აქციები არ აქვს გადაცემული. ე.ი ბატონი მამუკაც და ბატონი ბადრიც არ არის აქციონერი, ოღონდ თიბისი ბანკის კაპიტალის ნომინალურ ფლობელობაში გადაცემული აქვს 554 250 აქცია.

შემდეგი დოკუმენტი ეს არის „თიბისი კაპიტალის“ დოკუმენტი, რომ ბატონ ბადრიზე და ბატონ მამუკაზე ნომინალურად გადაცემული აქციები არ ირიცხება. ვიღაცებს ჩემი პოზიცია ეჩვენება წინააღმდეგობრივი და ეს დოკუმენტები არ ეჩვენებათ.

ახლა ვისაუბროთ იმაზე, მე საიდან მაქვს განაჩენი. „თიბისი ბანკს“ რომ გავუგზავნე წერილი სამართლებრივ საფუძვლებთან ერთად, ვეუბნებით, რომ საკრედიტო ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტების გაცნობის შემდეგ, რომელზედაც ჩვენ წვდომა არ გვაქვს, მაგრამ არის სისხლის სამართლის საქმეში და გექნებათ თქვენ, თუ გავეცნობით შეიძლება დავის ახალი ფაქტობრივი გარემოებები გამოიკვეთოს და მოთხოვნის საფუძვლები გაიზარდოს. მაგრამ ამასთანავე, გაცნობებთ, რომ საჯარო სივრცეში დევს განაჩენი და ვუთითებთ ორ დანართს, ეს ორივე დანართი არის სქრინშოტი ადვოკატ კახა წიქარიშვილის ფეისბუკ გვერდიდან. ეს არის „თიბისის“ და მამუკა და ბადრის მხარდამჭერ იურისტთა ჯგუფი, რომელიც საჯაროდ ფეისბუკში განიხილავს საქმის სამართლებრივ შეფასებებს და ღიად უდევთ განაჩენი. მეც აქედან მაქვს აღებული. მე რომ იანის ადვოკატი არ ვყოფილიყავი, შემეძლო ჩავრთულიყავი და ჩემი აზრი მომეხსენებინა რომელიმე ფაქტთან დაკავშირებით“, - განაცხადა ტორაძემ.

საბოლოოდ, ტორაძემ ისაუბრა იმაზე, თუ რას ითხოვს მისი დაცვის ქვეშ მყოფი და განმარტა, რომ „თიბისი ბანკის“ მიერ „სამგორი თრეიდზე“ და „სამგორი M-ზე“ გაცემული სესხები, რომლებიც იმავე დღეს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშზე მოხვდა, კვლავ „თიბისი ბანკს“ დაუბრუნდეს, რაც კაპიტალიზაციას გაზრდის და შესაბამისად, თითოეულ აქციონერს პირდაპირ პროპორციულად გაეზრდება წილი, მათ შორის ბრიტანელ აქციონერს იან მალქჰოლმ ჰოქს.

„ჩვენი მოთხოვნა არის, რომ „თიბისი ბანკის“ მიერ სამგორიმ M ზე და სამგორი თრეიდზე გაცემული სესხები, რომელიც იმავე დღესვე მოხვდა ბატონი მამუკა ხაზარაძისა და ბატონი ბადრი ჯაფარიძის ანგარიშზე და შემდეგ ეს მოთხოვნა „თიბისიმ“ დაკარგა და მოხვდა რომელიღაც ოფშერული კომპანიის ხელში, დაუბრუნდეს „თიბისი“ ბანკს, რადგან თუ ეს დაუბრუნდება „თიბისი ბანკს„, კაპიტალიზაცია იქნება ბევრად მაღალი და ყველა აქციონერის შესაბამისი წილი პირდაპირ პროპორციულად გაიზრდება. ძირითადი თანხა - ეს არის 16 664 000 დოლარი. თუმცა, ვინაიდან ამას შეიძლება სამართლებრივად მოჰყვეს მიღებელი შემოსავლის სახით თანხები მთელი ამ ხნის განმავლობაში, ეს თანხები იზრდება და უკვე 40 000 000-ს დოლარს გასცდა“, - განმარტა დიმიტრი ტორაძემ.

ტორაძე ამბობს, რომ მზად არის, სასამართლოში იდავოს და ელოდება შესაგებელს მოწინააღმდეგე მხარისგან.

მისივე თქმით, ის ზვიად კორძაძეს სატელევიზიო დებატებში იწვევს, სადაც, მზად არის, მასთან ისაუბროს არასამართლებრივ საკითხებზე:

„მხარეს პირდაპირ ვეტყვი, სამართლებრივ საკითხებზე მზად ვარ, სასამართლოში ვედავო და ველოდები შესაგაბელს, რაც ევალებათ, რომ წარმოადგინონ. ასევე, ნებისმიერ ტელევიზიაში, მათ შორის მათთვის სასურველ და კონტროლირებად ტელევიზიაში არასამართლებრივ საკითხებზე და სხვა საკითხებზე დებატებში დავუჯდე. ყველა ეს თემა იყო სუფთა პიარული მათი მხრიდან. სულ პიარული ახსნა მიდის და მიმდინარეობს მედია შტორმინგი“, - აღნიშნა ტორაძემ.

აპირებს თუ არა კორძაძე დებატებში მონაწილეობის მიღებას, ამის გასარკვევად Pia.ge ადვოკატს დაუკავშირდა. მისი თქმით, კოლეგებს არასამართლებრივ თემებზე არ ესაუბრება, ხოლო სამართლებრივი თემებისთვის სასამართლოში შეუძლია საუბარი. 

„დებატები ადვოკატებს შორის ხდება სასამართლოში. არასამართლებრივ თემებზე არ ვაპირებ საუბარს. ადვოკატი ვარ და არასამართლებრივ თემებზე კოლეგებს არ ვესაუბრები, ხოლო სამართლებრივ თემებზე ბატონ დიმიტრი ტორაძეს შემიძლია, სასამართლოში ვესაუბრო“, - განაცხადა ზვიად კორძაძემ.

ცნობისთვის, ხაზარაძე–ჯაფარიძის საქმის მასალების თანახმად, 2008 წლის აპრილსა და მაისში, ავთანდილ წერეთლის მიერ დაფუძნებულმა შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M“-მა, თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით, „თიბისი ბანკისგან“ სესხის სახით მიიღეს 16 664 000 აშშ დოლარი.

იმავე დღეს აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე, მიუხედავად იმისა, რომ სესხი თითქოსდა ბიზნესის ბრუნვისთვის იყო მოთხოვნილი.

2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კომპანიებს „სამგორი M“-სა და „სამგორი თრეიდს“ სესხის გადახდის ვადა გაეზარდათ ერთი წლით ისე, რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული. ხოლო 2008 წლის 31 დეკემბერს სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, „თიბისი ბანკმა“ სესხს მიანიჭა უიმედო კრედიტის კლასიფიკაცია, შემდეგ კი უსაფუძვლოდ ჩამოწერა იგი და გადაიტანა შიდა ბალანსზე.

მილიონების დაბრუნება საკუთარ თავზე აიღო კომპანიამ, რომელიც ერთი თვით ადრე დარეგისტრირდა ოფშორულ ზონაში და რომელსაც არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა საქართველოში. ამ კომპანიამ მიიღო უფლება, მოეთხოვა ფული ხაზარაძისა და ჯაფარიძისგან.

კომპანიებს „სამგორი M“-სა და „სამგორი თრეიდს“ კრედიტი ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ.

ამავე თემაზე:

დიმიტრი ტორაძე: თუ აქამდე ვისმენდით, რომ ჩემი მარწმუნებელი არაფერ შუაში არ იყო „თიბისი“ ბანკთან, დღეს ისიც გავიგეთ, რომ თურმე ხაზარაძე-ჯაფარიძე არ ყოფილან „თიბისი ბანკის“ აქციონერები

⭕ ვინ არის იან მალკჰოლმ ჰოქსი, რომელიც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 40 მილიონი დოლარის ზარალის ანაზღაურებას სთხოვს

⭕ სასამართლომ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 30 მლნ ლარი დაუყადაღა

⭕ თიბისის პარტნიორი ჯაფარიძისგან და ხაზარაძისგან მითვისებული თანხის დაბრუნებას მოითხოვს

⭕ რატომ ითხოვს ბრიტანელი აქციონერი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისგან 40 მილიონი დოლარის ანაზღაურებას?