საზოგადოება

„ძალადობა ეკლესიისთვის მიუღებელია“ - მამა ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს პრესპიკერი
1625492219
დაკოპირებულია

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მამა ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ საზოგადოების ჯგუფებს შორის დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს ეკისრებათ.

„იყო არასასიამოვნო ინციდენტები და ძალიან სამწუხაროა, რომ ჟურნალისტებზე ძალადობრივი ქმედება განხორციელდა. უმთავრესი პასუხისმგებლობა ყველაფერზე უნდა დაეკისროს იმ ადამიანებს, ვინც დააორგანიზეს, ვინც მთელი თვე ისმენდა ადამიანების აღშფოთებულ რეაქციას მოსალოდნელ პრაიდზე და მიუხედავად ამისა, ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ესკალაცია მომხდარიყო მაქსიმალურად.

მათმა მთელი თვის ნამუშევარმა გამოიწვია ის, რომ რეგიონებიდან და თბილისიდან უამრავი ხალხი შემოუერთდა საპროტესტო ტალღას, სამწუხაროდ მოხდა ინციდენტებიც და ეს არის ერთმნიშვნელოვნად ეკლესიისათვის მიუღებელი“ - აცხადებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

მისი თქმით, პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ადამიანებს, რომლებიც აანონსებდნენ პრაიდის აქციებს. ლგბტ+ თემს არ ერჩის არავინ. პრობლემა დგება მას მერე, რაც იწყება მათი ცხოვრების წესის პროპაგანდა. მიუხედავად ამისა მათ გადაწყვიტეს გადაეთელათ მოსახლეობის აზრი.

შეგახსენებთ, რომ მარშის მოწინააღმდეგეები ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და მედიის სხვა თანამშრომლებს დილიდან უპირისპირდებიან.

ინფორმაციისთვის, 5 ივლისს „რუსთაველის“ გამზირზე სიტუაცია დაიძაბა. პარლამენტის შენობასთან „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაშლილი კარვები დაარბიეს, ხოლო შემდეგ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

აგრეთვე, „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის წარმომადგენლებმა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისი დაარბიეს.

მოგვიანებით, „თბილისი პრაიდმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ღირსების მარში“ 5 ივლისს არ შედგება.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

ხეთაგუროვის ქუჩაზე ტურისტს სცემეს და დაჭრეს

„რაც დღეს ხდება, სახელმწიფოს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა“

„იმ ძალადობას, რასაც ჩვენ ვუყურებთ, არის ჩვენ საკუთარ თავზე უარის თქმა“