საზოგადოება

ელექტროენერგიის აღრიცხვის ახალ სისტემაზე გადასვლა გარდაუვალი იყო - ლევან ვეფხვაძე

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე
1643363360
დაკოპირებულია

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ ელექტროენერგიის აღრიცხვის ახალ სისტემაზე გადასვლა გარდაუვალი და აუცილებელი იყო, ვინაიდან სექტორი ბირჟაზე გადადის და „თელმიკოს“ ბირჟაზე მოუწევს ელექტროენერგიის ყიდვა.

„თუ აღრიცხვის ვადები არ მოწესრიგდებოდა, ამ შემთხვევაში მომმარაგებელი კომპანია სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდებოდა“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

მისივე თქმით,  შეიძლება ერთჯერადად ზოგიერთ აბონენტს მეტის გადახდა მოუწია, იმ დღეების გათვალისწინებით, რომლებიც ძველი და ახალი აღრიცხვის შუალედში მოხვდა. თუმცა მათ მაინც მოხმარებულ ელექტროენერგიაში გადაიხადეს ეს თანხა.

„ეს იყო ერთჯერადი, პერსპექტივაში არაფერი იცვლება. ზოგადად, ენერგეტიკულ ბაზარზე სიტუაციის დასალაგებლად, მე ვფიქრობ, ეს გარდაუვალი ნაბიჯი იყო“, - მიიჩნევს ლევან ვეფხვაძე.

თბილისში ელექტროენერგიის სამომხმარებლო აღრიცხვის ახალ სისტემაზე გადასვლით მიმწოდებელ კომპანიასა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობები ახალ, გაუმჯობესებულ საფეხურზე გადავიდა და როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, ეს პროცესი - აღრიცხვა/გადახდა - გაცილებით სამართლიანი იქნება და სექტორის მომავალი განვითარების წინა პირობებსაც ქმნის.