მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეს არ იყო არანაირი პოლიტიკური შეთანხმება! ეს იყო სამართლის აღსრულება და მისი ზეიმი! - დავით ქართველიშვილი მეგის ქარდავაზე

ექსპერტი დავით ქართველიშვილი Pia.ge

ექსპერტი დავით ქართველიშვილი, მეგის ქარდავას უკრაინიდან ექსტრადირებას ეხმიანება და დეტალურად განიხილავს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ განხორციელებულ ქმედებებს, თვიდან აერიდებინათ მისი საქართველოში ექსტრადირება.

ქართველიშვილის თქმით, ეს არ ყოფილა არც ნაჩქარევი და არც ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი, მისი ექსტრადირება, მხოლოდ სამართლიანობის აღდგენას ემსახურებოდა.

„უკრაინის სახელმწიფომ მეგის ქარდავას პირველივე ჯერზე უარი უთხრა პოლიტიკური თავშესაფრის სტატუსის მიღებაზე. მათ გაასაჩივრეს ეს გადაწყვეტილება, თუმცა სასამართლოს სამივე ინსტანციამ უკრაინის საემიგრაციო სამსახურის უარი ძალაში დატოვა. ამ ფაქტების შემდგომ, ქარდავას ადვოკატმა გაეროს ლტოლვილთა კომისრის უკრაინის ოფისში შეიტანა მოთხოვნა და ლტოლვილთა კომისრის ოფისმა ფაქტების გადაუმოწმებლად გასცეს სარეკომენდაციო ხასიათის წერილი. ამ ქმედებით მათ შეცდომაში შეიყვანეს გაეროს კომისარიატი და ფაქტობრივად საერთაშორისო დონის თაღლითობა ჩაიდინეს. საბოლოო ჯამში სტრასბურგის ადამიანთა უფლებების საერთაშორისო სასამართლომ მათი საჩივარი განუხილველი დატოვა.

„ნაცმოძრაობისთვის“ მეგის ქარდავას აბსოლუტურად მოულოდნელი ექსტრადირების გამო, მათ დღის წესრიგში ერთ-ერთ ბოლო „კონტრარგუმენტად“ და თავდაცვის უსუსურ მცდელობად რჩება ისეთი აბსურდული კატეგორიებით თავის მართლება, როგორიც არის: „პოლიტიკური გარიგება“, ან „გაეროს გადაწყვეტილების გვერდის ავლა“ და ა.შ. ამ სპეკულაციებზე დიდი წერტილის დასმის მიზნით, მსურს მოვიყვანო აქამდე უცნობი თუ ნახევრად სიმართლეზე აგებული ამ „დეტექტიური“ ისტორიის, ქრონომეტრულად და დოკუმენტებზე აგებული, რეალური შინაარსი. რაც მთავარია - ეს არ იყო არანაირი პოლიტიკური შეთანხმება! ეს იყო სამართლის აღსრულება და მისი ზეიმი!

როდესაც ქარდავას ადვოკატები, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და ამ მოძრაობასთან აფელირებული ე.წ. უფლებადამცველები, ორკესტრირებულად კვლავ გაიძახიან, რომ ეს იყო დაჩქარებული წესით, პოლიტიკური შეთანხმებით მიღებული გადაწყვეტილება - არ შემიძლია ეს გავატარო და მინდა სამართლის ენაზე მათ კიდევ ერთხელ და საბოლოოდ ავუხსნა! მეგის ქარდავას უკრაინაში პოლიტიკური თავშესაფრის პირველივე მოთხოვნაზე, უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა უარი უთხრა.

ამის შემდეგ მეგის ქარდავამ და მისმა ადვოკატმა სამჯერ გაასაჩივრეს უკრაინის სასამართლოებში უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის ეს გადაწყვეტილება და სამივე ინსტანციის სასამართლოსგან, ასევე, უარი მიიღეს, ანუ პირნათლად წააგეს ყველა პროცესი! ხოლო, როდესაც ამის შემდეგ, მათი ხსნა ფაქტობრივად უსაშველო იყო, მათ მოიფიქრეს ასეთი რამ: გაგონილი ჰქონდათ რომ გაეროს ლტოლვილთა კომისრის უკრაინის ოფისი კიევში, ზოგჯერ ფაქტების გადაუმოწმებლად, ზოგადად სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებზე (ვინც კი მათ განცხადებით მიმართავდა) - გასცემდა სარეკომენდაციო ხასიათის წერილებს. ყურადღებას ვამახვილებ, ჯერ ერთი - ესაა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის წერილი და არა იმპერატიული ნორმის ნაწილი, ანუ ე.წ. მოთხოვნა! და ამ შემთხვევაშიც ქარდავამ და მისმა ადვოკატმა ამ განცხადებაში იცრუეს, შეცდომაში შეიყვანეს გაეროს კომისარიატი, ფაქტობრივად საერთაშორისო დონის თაღლითობას მიმართეს, როდესაც მიუთითეს, რომ თითქოსდა პირველად მიმართავდნენ უკრაინას თავშესაფრის მოთხოვნაზე და ამისთვის გაეროს კომისარიატს მეგის ქარდავასთვის რეკომენდაციის გაწევა სთხოვეს.

ყოველივე ამის შემდეგ, მათ ეს წერილიც დაურთეს საერთო დოკუმენტაციას და სტრასბურგის ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო სასამართლოს მიმართეს! უნდა აღინიშნოს, რომ სამი დღე სთხოვდა სააკაშვილი-წოწორიას დუეტი სტრასბურგის სასამართლოს, ეგებ განსახილველად მაინც მიეღოთ ქარდავას საჩივარი მის „ჩაგვრასა და წამებაზე“, თუმცა სტრასბურგმა მათი საჩივარი არათუ მიიღო და განუხილველი დატოვა - მიუღებლად ცნო! თუმცა ამის თაობაზე თქვენ ნაცპროპაგანდისტული მანქანებით ვერაფერს შეიტყობთ! ამავე პერიოდში, უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა მიიღო გაეროს კომისრის კიევის ოფისის მიერ მიწერილი სარეკომენდაციო წერილი და მიხვდა, რომ მათ - საკითხის ყოველგვარი გადამოწმებისა და შეცდომაში განზრახ შეყვანის შედეგად გაცემულ რეკომენდაციასთან ჰქონდათ საქმე! სწორედ ამიტომ უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა დაუყოვნებლივ მიმართა გაეროს კომისრის უკრაინის ოფისს, რომელსაც საქმეში გარკვევა და აღნიშნული რეკომენდაციის გადახედვა მოსთხოვა. ამ საკითხზე, ორი ოფისის ხელმძღვანელთა შორის შედგა სატელეფონო საუბარი, გაეროს უკრაინის ოფისი შეწუხდა დაშვებული შეცდომის გამო და მისი გამოსწორების გზებზეც ისაუბრა.

სწორედ ამიტომ, მინდა მოვუწოდო სააკაშვილის მიერ მრავლად დაფუძნებულ და გამოკვებილ არასამთავრობოების წარმომადგენლებსა და უფლებადამცველებს, ისეთი ჯალათებისა და მწამებლების მხარდაჭერა მაინც შეწყვიტეთ, როგორიც მეგის ქარდავაა და რომლის ვითომდა „უდანაშაულობაში“ ეჭვი არათუ სტრასბურგს, არამედ მსოფლიოს არც ერთ შესაბამის კომპეტენტურ ორგანიზაციას არ ეპარება და მთლად ნუ დაემსგავსებით თქვენს პატრონს - მცირედი განსხვავება ხომ სიამის ტყუპებშიც დაშვებულია!

P.S.: სხვათა შორის, გამაოცა, თუმცა ადამიანურად მაინც მომეწონა (მართალია სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს) გიგი უგულავას ქარდავაზე გაკეთებულმა განცხადებამ, ეგებ თქვენც დაფიქრებულიყავით…

P.P.S.: ინფორმაციას თან ერთვის უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის ოფიციალური მიმართვის ტექსტი გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის კიევის ოფისს, რის შემდეგ აღნიშნული ორგანიზაცია მიხვდა, რომ ელემენტარული თაღლითობის მსხვერპლი გახდა. სამგვერდიანი დოკუმენტის პირველ გვერდებს ვდებ რუსულ და უკრაინულ ენებზე, თუმცა, დაინტერესებულ მხარეს შემიძლია აღნიშნული დოკუმენტი სრულად გავაცნო!“ - წერს დავით ქართველიშვილი.