მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები“ - თამილა ბარკალაია 2023 წლის გაზრდილ ბიუჯეტზე

 ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია

სოციალურად დაუცველი ბავშვების გასაცემლის, საზოგადოებრივ სამუშაოებზე, სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამისა და დეკრეტული შვებულებების ანაზღაურების გაზრდის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, მთავრობის სხდომაზე გაჟღერებულ სიახლეებზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან საუბრობს.  

„როგორც პრემიერმა, დააანონსა 2023 წლის 1-ელი ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვების გასაცემელი 150 ლარიდან 200 ლარამდე გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები, 2022 წლის ივნისიდან, უკვე გაზრდილ, 150-ლარიან გასაცემელს იღებენ. მაშინ, ბავშვებისათვის გასაცემი თანხის გარდა, ასევე გაიზარდა ის ქულა, რომლითაც კრიტერიუმები შეიცვალა და მეტ ბავშვს მიეცა შესაძლებლობა, მიიღოს მეტი დახმარება. ეს არის ის დანამატი, სტანდარტულ-სოციალურ დახმარებასთან ერთად, რაც ამ ბავშვებისა და მათი ოჯახის სხვა წევრებისათვის გაიცემა. 

ზოგადად, მიგვაჩნია, რომ სოციალურად დაუცველი მოზარდებისთვის, ამ გასაცემელს დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს თანხა კონკრეტულად ბავშვის საჭიროებებისკენ არის მიმართული. როდესაც სიღარიბის დაძლევაზეა საუბარი, ბავშვთა სიღარიბე ყოველთვის უფრო მაღალია, ვიდრე სტანდარტული სიღარიბის მაჩვენებელი, რადგან ბავშვები ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია. შესაბამისად, სოციალური დახმარების სამიზნეები სწორედ ბავშვები და ბავშვიანი ოჯახები არიან. პირველი ივლისიდან, 220 ათასი ბავშვი იღებს 200-ლარიან გასაცემელს. ამ პროგრამის ბიუჯეტი, 2023 წელს, 465 მილიონი ლარი იქნება. რაც შეეხება 2024 წელს, სრულ წელზე, სოციალურად დაუცველ ბავშვთა  200-ლარიანი გასაცემლისთვის,  530 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული.“, - აღნიშნა ბარკალაიამ. 

Pia.ge-სთან საუბრისას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დეკრეტული შვებულების ანაზღაურების ზრდაზეც ისაუბრა და განმარტა, რატომ არის მნიშვნელოვანი  პრემიერ-მინისტრის ამ მიმართულებით მიღებული გადაწყვეტილება.  

„დეკრეტული შვებულება, ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, რომ ქალს შესთავაზოს ანაზღაურებადი დეკრეტი ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლის პერიოდში. შრომის კოდექსით, დეკრეტული შვებულება, 6 თვის განმავლობაში იყო ანაზღაურებადი, ოდენობა კი გახლდათ - არაუმეტეს 1000 ლარისა.  ახლა თანხა გაორმაგდა და 2000 ლარამდე გაიზარდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია  უფლებრივი თვალსაზრისით - ქალს, რომელიც მშობიარობს, სჭირდება შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფა. ამასთან, ჩვენ, როგორც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი ქვეყანა, ვალდებული ვართ, ანაზღაურებადი დეკრეტი შევთავაზოთ ჩვენ მოქალაქეებს, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმებულებს. საჯარო სექტორში, გაცილებით უფრო მაღალია 6-თვიანი დეკრეტული შვებულებისა და  ხელფასის 100%-იანი ანაზღაურება. პრემიერის გადაწყვეტილებით, ანალოგიური მაღალი სტანდარტი იქნა შემოღებული კერძო სექტორშიც.
აქვე აღსანიშნავია კიდე ერთი სიახლე - მიუხედავად იმისა, რომ პედაგოგებს საჯარო მოხელის სტატუსი არ აქვთ, მათი დეკრეტული ანაზღაურება, 6 თვის განმავლობაში, 100 %-იანი ხელფასის ოდენობით განისაზღვრა. ესეც უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა - განათლების სექტორის განვითარება სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, შესაბამისად, ამ პროფესიაში წახალისება, ვფიქრობთ, აუცილებელია“, - აცხადებს თამილა ბარკალაია. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ასევე წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, როდესაც შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილების მიხედვით, 2021 წლის 1-ელი იანვრიდან გაიმიჯნა ცალკე ორსულობა, მშობიარობა და ცალკე ბავშვის მოვლის გამო დეკრეტული შვებულება. 

„ბავშვის მოვლის გამო, დეკრეტული შვებულებით სარგებლობა, დღეს, შეუძლიათ როგორც ქალებს, ისე კაცებს. აღნიშნულმა ცვლილებამ საერთაშორისო სტანდარტთან დაგვაახლოვა“, - აცხადებს თამილა ბარკალაია. 

Pia.ge-სთან საუბრისას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა პრემიერის კიდევ ერთ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, 30 ათასამდე სოციალურად დაუცველი დასაქმდა. როგორც თამილა ბარკალაიამ აღნიშნა, სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამით 70 000 ადამიანი. 

„სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა 1-ელი მარტიდან ამოქმედდა. მისი პრინციპი ასეთია - ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, ან სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმდნენ სოციალურად დაუცველი შრომის უნარიანი მოქალაქეები. ეს ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, ეს არის სიღარიბის დაძლევის ბერკეტი, რომელსაც ვერანაირი სოციალურად გასაცემელი ვერ ჩაანაცვლებს.  საზოგადოებრივი სამუშაოები არის ერთი ნაბიჯი ღია შრომის ბაზარზე დასაქმდნენ ის ადამიანები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში არ ყოფილან დასაქმებული, ბაზარზე მოთხოვნადი უნარები არ აქვთ, ან არ გააჩნიათ ღია შრომის ბაზარზე დასაქმების შესაძლებლობა. პროგრამის დაწყებიდან, დაახლოებით, 70 ათასი ადამიანი დაინტერესდა და კონსულტაცია გაიარა საზოგადოებრივ სამუშაოებთან დაკავშირებით. აქედან, 30 ათასამდე, დღეს, უკვე დასაქმებულია. ვაკანსიები საკმაოდ მრავალფეროვანია - ეს არის გამწვანების, სკვერების მოვლისა და საბავშვო ბაღებში სხვადასხვა ტიპის სამუშაოები. ასევე - სადარაჯო და სოფლის მეურნეობის სამუშაოები.  აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პარალელურად ვმუშაობთ, მათ ღია შრომის ბაზარზე შევთავაზოთ ვაკანსიები“, - აღნიშნა თამილა ბარკალაიამ.

თამილა ბარკალაია საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული მოქალაქეებისა და მათი მოლოდინების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ადგილობრივ ბაზარზე ნამდვილად არის ვაკანსიების სიმრავლე. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დასაქმების სააგენტოში 10 ათასამდე ვაკანსიაა. 

„ადგილობრივ ბაზარზე ნამდვილად არის ვაკანსიების სიმრავლე, არის სხვადასხვა ტიპის ანაზღაურება. დასაქმების სააგენტოში, ამ ეტაპზე, აქტიურია 10 ათასამდე ვაკანსია. ვატარებთ დასაქმების ფორუმებს, ინფორმაციას ვუზიარებთ მოქალაქეებს. აქტიურად ვმუშაობთ, რომ ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს შრომის ბაზარზე არსებულ ვაკანსიებთან დაკავშირებით, რადგან ეს კარგი ალტერნატივაა საზღვარგარეთ მუშაობის საპირწონედ.  ჩვენთან ნამდვილად არის იმის შესაძლებლობა, რომ სამუშაოს მაძიებელი პირი სხვადასხვა სექტორსა და სფეროში დასაქმდეს. ბიზნესს ნამდვილად აქვს მუშახელის ნაკლებობა, მათ შორის არის შესაბამისი უნარების ნაკლებობა. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს აქვს არაერთი მხარდაჭერითი, მომზადება-გადამზადების პროგრამა. ჩვენი მხრიდან, მოქალაქეებს მაქსიმალურ ხელშეწყობასა და მხარდაჭერას ვთავაზობთ, რომ ადგილობრივ ბაზარზე დასაქმდნენ და საზღვარგარეთ წასვლის საჭიროება არ იყოს“, - დასძინა თამილა ბარკალაიამ.