
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიმართავს და მოუწოდებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციები, მაქსიმალურად დაიცვან.
გამყრელიძის თქმით, ხელების ხშირი დაბანა და სახლის განიავება ამ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოში საკარანტინო სივრცეები მაქსიმალურად დაცულია.
"ამ დროს სოლიდარობა და სამოქალაქო პასუხისმგებლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. არავის არაფერი გადაგედებათ, საკარანტინო სივრცეეები მაქსიმალურად არის დაცული. ვინც ირგვლივ ვცხოვრობთ, დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ვამბობთ, დავიცვათ პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის წესები. ხშირად დაიბანეთ ხელები, გაანიავეთ ადგილები, ნუ შეჯგუფდებით ერთად. ნუ მიხვალთ მათთან სტუმრად, არ შეიძლება მათთან მისვლა საკარანტინო სივრცეა. იცით და არაფერი დასამალი არ არის, ჩემი ოჯახის წევრები, რძალი და შვილიშვილები თვითიზოლაციაში არიან. მათთან ყოველდღე მივდივარ კარებთან ვტოვებ საკვებს, პირველადი მოხმარების საშუალებებს და როცა მე გავდივარ ისინი აღებენ კარებს. ეს ხდება როგორც წესი და რიგია", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ "იმედთან" საუბარში.
ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის, ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსის 24 შემთხვევა დაფიქსირდა. დაინფიცირებულებს შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია.
11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ვირუსის გავრცელების დინამიკას შემაშფოთებელი უწოდა. ვირუსი, ამ დროისთვის, 100-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. ჩინეთში ვირუსი პირველად, 2019 წლის დეკემბერში უხანის პროვინციაში დაფიქსირდა. ვირუსთან დაკავშირებით ჩინეთში სიტუაცია გაუმჯობესდა, შეინიშნება კლების ტენდენცია.