მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გია აბაშიძე: მივესალმები პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ორ ძალიან კარგ ინიციატივას ჩვენი საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდობის გაჯანსაღების მიმართულებით

ექსპერტი გია აბაშიძე Pia.ge

ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის სხდომაზე გაჟღერებულ საკითხებს ეხმიანება და წერს, რომ ახალგაზრდების გაჯანსაღების კუთხით სააფთიაქო ნარკომანიის და ლუდომანიის პრობლემის გადაწყვეტა მნიშვნელოვანი საკითხია. 

„მივესალმები პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ორ ძალიან კარგ ინიციატივას ჩვენი საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდობის გაჯანსაღების მიმართულებით:

1) სააფთიაქო ნარკომანიის შემცირება. ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე წვდომა ამის საჭიროების არმქონე ადამიანებს რომ აქვთ, დიდი ხანია, სამწუხაროდ, ყველასთვის ცნობილია. ამგვარი მედიკამენტების გაყიდვაზე ეფექტური კონტროლის დაწესება დაგვიანებულია, მაგრამ თუ აწი ეს უმკაცრესად აღსრულდება, ძალიან ბევრ თანამემამულეს გადავარჩენთ.

2) ლუდომანიამ (აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება), ისევე როგორც ფსიქოტროპულ წამლებზე დამოკიდებულებამ არაერთი ოჯახი რომ გააუბედურა, ესეც ჩვენი ქვეყნის ტრაგედიაა. პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით, საწყის ეტაპზე გაიზრდება გადასახადები ონლაინკაზინოებისთვის, აიკრძალება მათი მოსაბეზრებელი რეკლამები და მოთამაშეებისთვის 25 წლამდე აიწევა ბარიერი. მეორე ეტაპზე კი, საერთოდ აიკრძალება ონლაინკაზინოებად წოდებული ეს ფინანსური საწამლავი.

ფაქტია, რომ 1,5 მილიარდი ლარი ონლაინკაზინოების მეშვეობით გაედინება ქვეყნიდან. ამ ფინანსური ხაფანგების უდიდესი უმრავლესობა უცხოური კომპანიაა. დიახ, ჩვენი შეჭირვებული მოსახლეობის მოთამაშეთა 1,5 მილიარდი ლარი გაედინება საქართველოდან. იმედია, მოიძებნება ასევე გარკვეული ფინანსურ-ტექნიკური ხერხები, რათა აკრძალვის შემდეგ, უცხო ქვეყნების ონლაინკაზინოებში არ მოხდეს ლუდომანიით შეპყრობილი ჩვენი თანამოქალაქეების გადართვა“, - წერს ანალიტიკოსი.

ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა სოციალური პოლიტიკის ახალ ხედვაზე დაფუძნებულ პროგრამაზე მუშაობს.

„ნაცვლად სოციალური დახმარებისა, შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ - დაახლოებით, 600 ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქე გვყავს და მათგან თითქმის ნახევარი შრომისუნარიანია“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე განცხადებით, მთავრობა ონლაინ კაზინოების მუშაობის წესების გამკაცრებას აპირებს.

ასევე, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვა უნდა გამკაცრდეს.