საზოგადოება

გიორგი შარვაშიძე თსუ-ის რექტორის თანამდებობიდან გადადგა

თსუ-ს რექტორი
1665150575
დაკოპირებულია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ აკადემიურ საბჭოს გადადგომის თხოვნით მიმართა. როგორც თავად წერს, ის რჩება უნივერსიტეტის პროფესორად.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბოლო 7 წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა: ჩვენ შევძელით და დღეს თსუს აქვს ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის (AUA) ინსტიტუციური შეფასება; მნიშვნელოვნად გაიზარდა სტუდენტების რაოდენობა და შედეგად თსუ რეგიონში კვლავ ყველაზე დიდი უნივერსიტეტია. 50%-ით გავზარდეთ უნივერსიტეტის დაფინანსებაც მაშინ, როცა არ შეცვლილა უნივერსიტეტების დაფინანსების წესი; პირველად ჩვენს რეგიონში სწორედ, საქართველოში და კონკრეტულად თსუში გაიხსნა ევროპის აკადემიის (AE) და EPLO-ს რეგიონული ცენტრები; საქართველო გახდა მესამე ქვეყანა ევროპაში და 24-ე მსოფლიოში, რომელსაც ამერიკის ქიმიკოსთა საზოგადოების სრული წარმომადგენლობა აქვს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საუკეთესო უნივერსიტეტების 1.5 %-ში შედის და არაერთ პროგრამას აქვს გავლილი საერთაშორისო აკრედიტაცია (ABET, FIBAA); მზარდია უცხოენოვანი, ერთობლივი და ორმაგი ხარისხის მქონე პროგრამების რაოდენობა; შესაძლებლობის ფარგლებში გაიზარდა აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება; შთამბეჭდავია ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხა, დაწყებული მეორე კორპუსის აღდგენით, დამთავრებული უამრავი სხვა სამეცნიერო თუ სასწავლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციით. მე ვარ ძალიან ამაყი, რომ ეს ყველაფერი ჩვენ ერთად შევძელით.

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა უნივერსიტეტის პროფესურას, ადმინისტრაციას, სტუდენტებს და ჩვენი უნივერსიტეტის ყველა გულშემატკივარს. ჩვენ სწორედ ერთად მოვახერხეთ ამ წარმატებული ნაბიჯების გადადგმა, თუმცა კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი და გასაუმჯობესებელი.

დღეს მივმართე აკადემიურ საბჭოს, რექტორის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე. გადაწყვეტილება დიდი ხნით ადრე მივიღე, რის შესახებაც საუნივერსიტეტო საზოგადოება ინფორმირებული იყო. ჩემი გადაწყვეტილების შესახებ საბჭოს ვაცნობე მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის მიერ ჩვენი უნივერსიტეტის ინსტიტუციური შეფასების შედეგი და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები.

მე ღრმად მწამს, რომ ჩვენი უნივერსიტეტი განვითარების იმ ევროპულ გზაზე სვლას, რა გზასაც დღეს ადგას, კვლავ ღირსეულად გააგრძელებს.

დაბოლოს, მიხარია, რომ ვარ 300 000 კურსდამთავრებულს შორის ერთ-ერთი და რომ მრავალი წელი ვხელმძღვანელობდი რეგიონში პირველ უნივერსიტეტს. ერთხელ უნივერსიტეტელი, მუდამ უნივერსიტეტელია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მომავალი საქმიანობა უკავშირდება საერთაშორისო ურთიერთობებს, ვრჩები უნივერსიტეტის პროფესორად და დიდ გულშემატკივრად“, - წერს შარვაშიძე სოციალურ ქსელში.