
უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას დაკრძალვის კადრებს ეხმაურება, რომელიც პირდაპირ ეთერში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.
„გლოვაშიც კი პოლიტიკურ პერფორმანსს დგამენ. კადრებს არჩევენ. დრონით გადაღებული ჩასვენება... მკვლელობაზე საუბრობენ. სინამდვილეში კი, დღეს, მათ თავად მოკლეს მედია“, - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ 5-6 ივლისს თბილისში რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციას მართავდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსა და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდნენ, საწოლში გარდაცვლილი იპოვეს. ის საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ექსპერტიზის შუალედური დასკვნით, შესაძლებელია ითქვას, რომ ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებით დაიღუპა, თუმცა, ამ ვერსიის არ სჯერა ლაშქარავას ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და კოლეგებს, რომლებიც ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ.
11-12 ივლისს პარლამენტთან მედიის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ. მათი თქმით, აქციები კვლავ გაგრძელდება.
38 წლის ლექსო ლაშქარავა 13 ივლისს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.