
ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში ამერიკის ელჩ კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის გამართულ შეხვედრას ეხმიანება.
მისი თქმით, ჯერ 4 თვე მალავდა რომ შეხვდა. ახლა, რამდენი ხანი გავიდა და ლამის მთელი ერი ემუდარება, რომ სიმართლე თქვას.
„ჯერ 4 თვე მალავდა რომ შეხვდა. ახლა, რამდენი ხანი გავიდა და ლამის მთელი ერი ემუდარება, რომ სიმართლე თქვას. დღესაც გამოვიდა და რა გავიგეთ? ვერაფერი. ქალბატონო ელჩო, ცუდ საქმეზე წასწრებული ბავშვივით რატომ ლუღლუღებთ? გამოდით და თქვით სიმართლე ბოლოს და ბოლოს, ჩვენც ადამიანები ვართ და გვინდა ვიცოდეთ თუ რა ხდება ჩვენი ქვეყნის თავს... თუ დასამალი არ გქონდათ, სანამ ენა მარწუხებით არ ამოგაგლიჯეს, რატომ არ თქვით, რომ შეხვდით ბატონ ბიძინას? აი რატომ?“ - წერს ირაკლი ლატარია.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 27 ივლისს წერილი გამოაქვეყნა, სადაც დაადასტურა, რომ 21 მარტს აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან მისი შეხვედრა ნამდვილად შედგა.
აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი „ინტერპრესნიუსთან“ ბიძინა ივანიშვილის წერილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ივანიშვილთან შეხვედრაზე არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს „ომში ჩართვაზე“ ან „შანტაჟზე“ ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ბიძინა ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას.
კელი დეგნანი ფიქრობს, რომ ქვეყნის ევროპულ მომავალს, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანია, პოლიტიკოსები აფერხებენ. როგორც დეგნანმა აღნიშნა, მან რეგიონებში ადამიანებთან შეხვედრის დროს გაიგო, რომ ისინი იმედგაცრუებულები არიან პოლარიზების გამო.
მისივე თქმით, ერთიანობა საუკეთესო გზაა წინსვლისთვის. პოლარიზების შემცირება ერთ-ერთია იმ 12 პუნქტს შორის, რომელიც საქართველომ ევროკავშირისგან რეკომენდაციების სახით მიიღო იმისთვის, რომ მიიღოს წევრობის კანდიდატის სტატუსი.