საზოგადოება

იზოლაციისა და კარანტინის წესები - ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება

საკარანტინო რეჟიმი
1585143323
დაკოპირებულია

ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, იზოლაციისა და კარანტინის თანდართული წესების დამტკიცდა, რომელიც დღეიდან შევიდა ძალაში. ბრძანებას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აწერს ხელს.

ეს წესი საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ყველა პირზე ვრცელდება.

ბრძანების თანახმად, ეპიდემიოლოგიური კონტროლის მიზნით ყველა პირი ვალდებულია:

არ განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომელიც ქმნის გადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხეს, იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების წარმოქმნას ან გაზრდას;

დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია ისეთი გარემოებების შესახებ, რაც აუცილებელია დაავადების გავრცელების რისკების შესაფასებლად;

გადამდები დაავადებების აღმოცენებისა და გავრცელების საშიშროების შემთხვევაში, კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნით, ჩაიტაროს ყველა სამედიცინო პროცედურა, რომელიც აუცილებელია სხვა პირის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად;

შეწყვიტოს საქმიანობა, თუ ის საფრთხეს უქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას;

ამ წესის მოთხოვნათა შესაბამისად დაიცვას იზოლაციისა და საკარანტინო ღონისძიებები;

დაიცვას სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური ნორმები.

იზოლაციისა და საკარანტინო ღონისძიებები:

იზოლაცია ხორციელდება კორონავირუსზე საეჭვო ან მაღალი რისკის მატარებელი პირების მიმართ.

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში იზოლაცია შეიძლება მოხდეს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ საკარანტინე სივრცეში ან მოხდეს თვითიზოლაცია.

უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ან/და კორონავირუსის შემთხვევასთან კონტაქტირებული ყველა ფიზიკური პირი, ექვემდებარება 14 დღის განმავლობაში იზოლაციას (კარანტინს ან თვითიზოლაციას).

უცხო ქვეყნებიდან ჩამოსული პირები სასაზღვრო პუნქტებზე ექვემდებარებიან თერმულ სკრინინგს, სსიპ - შემოსავლების სამსახურის ეპიდემიოლოგების მიერ ჩაღრმავებულ გამოკითხვას და აღრიცხვას.

თვითიზოლაციის სურვილის შემთხვევაში, პირი ავსებს თვითიზოლაციის მოთხოვნის ფორმას (ხელმისაწვდომია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.moh.gov.ge), რომლის საფუძველზეც სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ახორციელებს თვითიზოლაციისთვის მითითებული საცხოვრებელი გარემოს შესწავლას და შესაფერისი პირობების არსებობის შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას პირის თვითიზოლაციაში მოთავსების/გადაყვანის შესახებ.

საკარანტინო სივრცეებში შესაბამისი პირების გადაყვანას ახორციელებს სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის თანხლებით.

იზოლაციაში პირი თავსდება 14 დღით. კარანტინიდან თვითიზოლაციაში, ან თვითიზოლაციიდან კარანტინში გადაყვანის შემთხვევაში, თვითიზოლაციის/კარანტინის დღეებს დააკლდება თვითიზოლაციაში/კარანტინში გატარებული დღეების რაოდენობა.

ფიზიკური პირის იზოლაციის (კარანტინი, თვითიზოლაცია) შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი უფლებამოსილი სამსახური (სსიპ - შემოსავლების სამსახური, სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი) წერილობით ან ზეპირად. გადაწყვეტილების ზეპირად მიღების შემთხვევაში, არაუმეტეს 5 დღისა გადაწყვეტილების მიმღები პირის მიერ ხდება ამ გადაწყვეტილების წერილობითი სახით გაფორმება.

პირის მიმართ იზოლაციის გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.

შსს უფლებამოსილია იზოლაციაში მყოფი პირის მიერ იზოლაციაში ყოფნის პირობების დაცვა გააკონტროლოს, რაც მოიცავს მათ შორის, მის ფიზიკურად ადგილზე გადამოწმებას, პერიოდული სატელეფონო ზარების განხორციელებასა და სხვა ლეგიტიმური საშუალებებით შემოწმებას.

იზოლაციაში მყოფი პირების უფლება-მოვალეობები

იზოლაციის (თვითიზოლაცია, კარანტინი) სივრცეში იკრძალება ვიზიტორების მიღება.

დასაშვებია იზოლაციაში მყოფი პირის არაპირდაპირი კონტაქტით საკვებისა და პირადი საჭიროების საგნების/ტანსაცმლის, ხოლო საჭიროებისას – მედიკამენტების გადაცემა.

საცხოვრებელ სივრცეში მყოფ სხვა ადამიანებთან კონტაქტი შეზღუდულია მინიმუმამდე. დაუშვებელია 1 მეტრზე ახლო კონტაქტი 15 წუთზე მეტი დროით.

იზოლაციის პერიოდში პირი სარგებლობს განცალკევებული ჭურჭლით (ჭიქა, თეფში, კოვზი და ა.შ.), პირსახოცით და საწოლით, ერთჯერადი ინვენტარით.

იზოლაციაში მყოფ პირს შეუზღუდავად შეუძლია ისარგებლოს სატელეკომუნიკაციო კავშირით (მათ შორის, ინტერნეტით)

იზოლაციაში მყოფი პირის სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში, კლინიკაში/კლინიკიდან ტრანსპორტირება ხორციელდება სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ, სპეციალური ავტოტრანსპორტით, საჭიროებისამებრ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის თანხლებით. იზოლაციაში მყოფი პირი სტაციონარში განთავსდება ბოქსირებულ პალატაში, საიზოლაციო პერიოდის ვადის გასვლამდე.

იზოლაციაში მყოფ პირს მოეთხოვება თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებისგან თავის შეკავება და ეკრძალება ექიმის დანიშნულების გარეშე ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენება.

იზოლაციაში მყოფი პირის მიერ იზოლაციის ადგილის დატოვება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აუცილებელია მისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესაბამის სამსახურს.

იზოლაციაში მყოფ პირს იზოლაციის პერიოდში ეკრძალება სხვა პირებთან ურთიერთობა, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მიერ რეკომენდებული დამცავი საშუალებების გამოყენების გარეშე.

პასუხისმგებლობა იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის

იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას - ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის – 15 000 ლარის ოდენობით. განმეორებით ჩადენა კი, გამოიწვევს ფიზიკური პირისთვის თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით, იურიდიული პირი კი დაისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევაზე რეაგირებას ახდენს შსს. შს სამინისტროს მოსამსახურისთვის დაუმორჩილებლობის ან/და წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, პირის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ფიზიკური ძალა.