საზოგადოება

„ჯიპიაი“ქალი მეწარმეებისთვის სპეციალურ სადაზღვევო პროგრამას იწყებს

ახალი პროექტი ქალი მეწარმეებისთვის
1583504197
დაკოპირებულია

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ქალი მეწარმეებისთვის რისკების დაზღვევის სპეციალურ პროექტს იწყებს. პროგრამაში ის მცირე და საშუალო კომპანიები ჩაერთვებიან, რომელთა დამფუძნებელი ან გენერალური დირექტორი ქალია.

პროექტის ფარგლებში დაზღვეული კომპანიები განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ. კერძოდ, მეწარმე ქალებს დაზღვევის პერსონალური მენტორი მოემსახურებათ, რომელიც მათ, რისკების სწორად განსაზღვრისა და საჭირო გადაწყვეტილებების მისაღებად, სრულ კონსულტაციას გაუწევს.

მენტორები ქალბატონებს მათთვის საუკეთესო პაკეტის შერჩევაში დაეხმარებიან. ისინი უზრუნველყოფენ, რომ ქალებმა დაზღვევის, როგორც ფინანსური თავდაცვის მექანიზმის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ.

ექვსი მენტორისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც ქალებს დაზღვევის საკითხებში მეგზურობას გაუწევს, კომპანიამ, სპეციალიზაციის მიხედვით, თავად გადაამზადა.

პროგრამის კიდევ ერთი ბენეფიტი ქონების დაზღვევაზე 30%-იან ფასდაკლებას ითვალისწინებს, რაც ქალებისთვის ბიზნესის კეთებაში დამატებითი სტიმული იქნება.

კომპანიის გენერალური დირექტორის პაატა ლომაძის განცხადებით, ახალი სადაზღვევო პროექტი ქალების ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

„ჩვენი რამდენიმე კვლევით გამოიკვეთა, რომ ქალი მეწარმეები უფრო ფრთხილები და წინდახედულები არიან. მათ რისკების მიმართ მეტი მგრძნობელობა აქვთ. ამ პროექტით გვინდა მხარი დავუჭიროთ ქალებს, რადგან ვიცით, რომ დაზღვევით საქმე გაცილებით თამამად კეთდება და მეტი წარმატება მიიღწევა.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამა რამდენიმე კომპონენტს მოიცავს - ცნობიერების ამაღლების აქტივობებს და განსაკუთრებულ შეთავაზებას. სპეციალურად ამ პროექტისთვის დაზღვევის პერსონალური მენტორები გამოვავლინეთ, რომლებიც მათივე ბიზნესის სპეციალიზაციის მიხედვით ქალი მეწარმეების მეგზურები იქნებიან. ისინი ექსპერტულად აუხსნიან თითოეულ ჩართულ კომპანიას თუ როგორ მუშაობს დაზღვევა და რა სახის რისკებისგან დაიცავს მათ“,- აღნიშნავს პაატა ლომაძე.

პროექტის მონაწილე მეწარმეები ბიზნესის შეფერხების დაზღვევას საჩურად მიიღებენ. მათ ასევე შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ ონლაინ სემინარები ბიზნეს-რისკების შემცირების შესახებ.

პროგრამა, რომელიც სადაზღვეო კომპანიამ, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის, პლატფორით- „იმოქმედე, ჩვენ დაგიცავთ“ შექმნა, გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების შესრულებას გულისხმობს.

როგორც გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა აცხადებს „ჯიპიაის“ ახალი ინიციატივა ქალთა მხარდაჭერისთვის მნიშვნელოვანი პროექტია და ის მეწარმე ქალბატონების საჭიროებებს რეალურად პასუხობს.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოში იზრდება არა მხოლოდ „ქალთა გაძლიერების პრინციპების“ ხელმომწერი კომპანიების რიცხვი, არამედ იმ კომპანიების რაოდენობაც ვინც რეალურ ნაბიჯებს დგამს ქალთა გაძლიერების ძირითადი პრინციპების შესასრულებად. რაც მთავარია, ქმნიან პროდუქტებს, რომლებიც პასუხობს ქალების საჭიროებებს. "ჯიპიაი ჰოლდინგის" პროექტი არის ინსპირაცია სხვა კომპანიებისთვისაც, რომ მეტი ბიზნესი ჩაერთოს გენდერული თანასწორობისთვის გასატარებელ ღონისძიებებში“,- აღნიშნავს ერიკა კვაპილოვა.

პროგრამაში ჩასართავად კომპანიებმა, რომელთა დამფუძნებელი ან მმართველი ქალია, სადაზღვეო კომპანიის ცხელ ხაზს უნდა მიმართონ (032) 2 505 111.

ქალი მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამას, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების ინსტრუმენტია, „ჯიპიაი ჰოლდინგი“ 2018 წლიდან შეუერთდა და ამ მიზნით საქართველოში არა ერთ პროექტს უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს.

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა ბაზარზე, რომელსაც 2018 წლის მონაცემებით, ბაზარზე ყველაზე დიდი წილი - 19.6% უჭირავს და ლიდერია როგორც კორპორაციულ , ისე საცალო მიმართულებით. ჯიპიაი ჰოლდინგში 700 ადამიანი მუშაობს საქართველოს 7 ფილიალში და ემსახურება 150,000 დაზღვეულს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე და ლიდერია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ჯგუფის საქმიანობს ევროპის 25 ქვეყანაში 50 კომპანიაში. 2018 წლის მონაცემებით ჯგუფის მიერ მოზიდული პრემია 9.7 მილიარდი ევროა, ხოლო წმინდა მოგებამ - 485 მილიონი ევრო შეადგინა.