მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კალაძე: უკანონოდ აშენებულ შენობა-ნაგებობებს, სადაც ოჯახები ცხოვრობენ, არავინ შეხებია

კეცხოველის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა სრულდება

თბილისის მერმა კახა კალაძემ, აფრიკის დასახლებაში  უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟთან დაკავშირებით განმარტება რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა „ღამის კურიერში“ გააკეთა.  ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

კახი კალაძის განცხადებით, უკანონოდ აშენებულ შენობა-ნაგებობებში, რომლის დემონტაჟიც დღეს განხორციელდა, არცერთი ადამიანი არ ცხოვრობდა. მისივე თქმით, მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე, განთავსებულია უკანონოდ აშენებული სხვა ობიექტები, სადაც ოჯახები ცხოვრობენ, თუმცა მათი დემონტაჟი არ მომხდარა.

„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ამ მშენებარე შენობა-ნაგებებობში არცერთი ადამიანი არ ცხოვრობდა. მიმდებარე ტერიტორიებზე არის დატაცებული მიწები, უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობები, სადაც კონკრეტული ოჯახები, კონკრეტული ადამიანები ცხოვრობენ და ამ სახლებს და ამ ადამიანებს არავინ შეხებია“,- განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენჯერმე გააფრთხილა კანონდამრღვევები, როგორც სიტყვიერად, ისე წერილობით, თუმცა გაფრთხილებას რეაგირება არ მოჰყოლია.

„მინდა, ხაზი გავუსვა, იმას რომ სანამ ამ მშენებარე ობიექტების დემონტაჟი განხორციელდებოდა, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ახორციელებდნენ პატრულირებას ადგილზე, მიდიოდნენ, ეუბნებოდნენ ადამიანებს, რომ განეხორციელებინათ დემონტაჟი. შემდეგ უკვე ოფიციალურად გავაკარით შეტყობინებები ამ მშენებარე ობიექტებზე, სადაც ეწერა, რომ ეს იყო უკანონო მშნებელობა, ეს იყო უკანონოდ მიტაცებული სახელმწიფო მიწები და აუცილებლად უნდა მომხდარიყო დემონტაჟი, თუმცა მათ ეს არ განახორციელეს“, -განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, თბილისის მერია მაქსიმალურად მხარში უდგას სოციალურად დაუცველ მოსახლეობას. ოჯახებს, ვისაც არ აქვს საცხოვრებელი სახლი, კონკრეტული რაიონის გამგეობა უზრუნველყოფს მათი ქირით გაყვანას, რისთვისაც ყოველწლიურად დაახლოებით, 7 მილიონი ლარი იხარჯება.

„მიწების დატაცება, უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსება არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მხარში დავუდგეთ, დავეხმაროთ სოციალურად დაუცველებს, დავეხმაროთ იმ ოჯახებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა და მხარდაჭერა. 350 მილიონი არის გათვალისწინებული მომდევნო წლის ბიუჯეტში იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი თანადგომა და მხარდაჭერა ჰქონდეთ ამ ადამიანებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 „კანონიერება ხანდახან არ ნიშნავს, რომ ეს მარტივი გადასატანია“ - წულუკიანი კალაძის გადაწყვეტილებაზე