მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ხორბლის მარაგი არ არსებობს“ - ლევან სილაგავა

ხორბლის მარაგი არა არსებობს

„ხორბლის მარაგი არ არსებობს“, - ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ „მედია ცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ქვეყანაში ხორბლის მარაგის არსებობა აუცილებელია. 

მისი თქმით, ხორბალი პირველ რიგში, შემოდის რუსეთიდან, რადგანაც შედარებით იაფია, შემდეგ კი უკრაინა, რუმინეთი, ბულგარეთი. 

„მეპურეებიც ამბობენ, რომ გარკვეულწილად ფასის შენარჩუნებისკენ მიდიან, თუმცა სამომავლოდ პროგნოზებს ვერც ისინი აკეთებენ და ვერც ჩვენ. როგორი იქნება პურის ფასი, ამისი თქმა ამ ეტაპზე შეუძლებელია. მსოფლიოში საკმაოდ დაძაბული მდგომარეობა არის ხორბალთან დაკავშირებით. გუშინ პირველად G-7-მა აღიარა, რომ მოსალოდნელია მსოფლიო კრიზისი. ამისთვის ჩვენც უნდა მოვემზადოთ.

მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ხორბლის მარაგი არსებობდეს. ეს არის გაეროს რეკომენდაცია, სასურსათო უსაფრთხოებასთან მიმართებით, რომ ქვეყანაში 2-თვიანი მინიმალური მარაგი უნდა არსებობდეს. დღეს საქართველოში წისქვილკომბინატები არ მუშაობს. ხორბალი თითქმის არ შემოდის. შემოდის ძირითადად ფქვილი, მარაგები კეთდება ფქვილით“, - აცხადებს ლევან სილაგავა. 

ლევან სილაგავას თქმით, ხორბალზე საბაჟო გადასახადი 20-დან 142 დოლარამდე  გაიზარდა.

ამასთან, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ იმპორტირებული ფქვილის იაფად შემოსვლა, პურის გაძვირების პროცესს არ შეაჩერებს. 

„ხორბალზე პრობლემა დღეს არ დაწყებულა, ეს დაიწყო შარშან ივნისის თვეში, როდესაც შეიცვალა საექსპორტო გადასახადები რუსეთიდან გამოტანაზე ფქვილზე და ხორბალზე. თუ მანამდე ორივე გადასახადი იყო ნულის ტოლი,  რუსეთმა შემოიღო მცირე მცურავი ბაჟი და პერმანენტულად იზრდებოდა ხორბლის გადასახადი. ხორბალზე საბაჟო გადასახადი 20-დან 142 დოლარამდე  გაიზარდა, ფქვილზე კი გადასახადი 0-ია.

ის, რომ იმპორტირებული ფქვილი 3-4 ლარით იაფად შემოდის, ბაზარს პურის გაძვირებისგან არ იცავს. შესაბამისად, ჩვენ მთავრობას რამდენჯერმე მივმართეთ საბაჟო მოსაკრებელთან დაკავშირებით, რომ კონკურენციის პირობები იყოს დაცული.

დღესაც მიდის მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ იმპორტზე თანხები გავათანაბროთ და იმპორტირებულ ფქვილს გარკვეული გადასახადი დავუწესოთ. მთავრობისგან გაიჟღერა, რომ ეს ფაქტობრივად, ფქვილს, პურს გააძვირებს და მოსახლეობისათვის რისკია.

თუმცა ჩვენ ვთავაზობთ ფორმულას, რომ იმ შემთხვევაში, თუ გადასახადი დაწესდება და ადგილობრივი წისქვილკომბინატები ამუშავდება, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ იმ რაოდენობის ფქვილს, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ ე.წ. სოციალური პური არ გაძვირდეს, პურის მწარმოებლებს ფიქსირებულ ფასად მივაწვდით. აქ ლაპარაკია იმ სეგმენტის პურზე, რომელიც ყოველდღიური მოხმარებისაა ე.წ. აგურის პური. ეს იქნება ის სეგმენტი, სადაც ამ პროგრამის მიმდინარეობის პერიოდში პური არ გაძვირდება.

შესაბამისად, დანარჩენ სეგმენტში როგორიც არის ქატო, უმაღლესი ხარისხის ფქვილი, მეორე ხარისხის ფქვილი იქნება თავისუფალი ბაზრის პრინციპი. ხორბლის მარაგები დღეს არის პირველი კატეგორიის საზრუნავი ყველა ქვეყნისათვის. ჩვენ ხორბლის მარაგები არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს ფქვილის მარაგები.

მარაგი უფრო მეტად მნიშვნელოვანია ვიდრე პურის ფასი. იმიტომ რომ მარაგი თუ გაქვს და თუ მუშაობს წისქვილი, პურის ფასი შეგიძლია დაარეგულირო მთავრობის ნებისმიერი საკანონმდებლო გადაწყვეტილებით, მაგრამ თუ არ გაქვს მარაგი და ფიზიკურად არ გაქვს ხორბალი ან ფქვილი, პრობლემის წინაშე დგები“, - დასძენს საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 არის თუ არა მოსალოდნელი პურის გაძვირება? - პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარის განმარტება