საზოგადოება

კომუნიკაციების კომისია: სატელეკომუნიკაციო კომპანიებმა საგანგებო რეჟიმის დროს სრული დატვირთვით უნდა იმუშაონ

საქართველოს კომუნიკაციების კომისია სატელეკომუნიკაციო კომპანიებს საგანგებო მდგომარეობაში სრული დატვირთვით მუშაობისკენ მოუწოდებს.
1584808549
დაკოპირებულია

კომუნიკაციების კომისია მობილური და ფიქსირებული მომსახურეობის მიმწოდებელ კომპანიებსა და მაუწყებლებს ქვეყანაში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობაში სრული დატვირვით და შეუფერხებლად მუშაობისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული:

„ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა მუშაობდეს და სერვისები შეუფერხებლად მიეწოდებოდეს მოსახლეობას. კომუნიკაციების კომისია მობილური და ფიქსირებული მომსახურეობების მიმწოდებელ კომპანიებსა და მაუწყებლებს მოუწოდებს ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სრული დატვირთვით იმუშაონ.

კომუნიკაციების კომისია საჭიროდ მიიჩნევს განმარტოს, რომ არსებულ ვითარებაში, სატელეკომუნიკაციო სფეროზე შეზღუდვები არ ვრცელდება. პირიქით, ყველა კომპანიამ მაქსიმალურად ოპერატიულად და ხარისხიანად უნდა იმუშაოს, რათა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მუდმივ რეჟიმში ჰქონდეს წვდომა სატელეკომუნიკაციო სერვისებზე, რათა მუდმივ რეჟიმში მიიღონ ინფორმაცია და საჭირო რეკომენდაციები.

აქვე, კომუნიკაციების კომისია მიმართავს სატელეკომუნიკაციო კომპანიების მენეჯმენტს, დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციები, გაატარონ ყველა პრევენციული ზომა, რათა ტელეკომუნიკაციების სფეროში დასაქმებული ადამიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნას დაცული“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს, 21 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრის წარდგენის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. გადაწყვტილება ძალაში მისი გამოცხადებისთანავე შევიდა და 21 აპრილამდე გაგრძელდება.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღება კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ემსახურება.