მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კონსილიუმის დასკვნა: ყველა ერთად შევთანხმდით, რომ  სააკაშვილის პრევენციული ჰოსპიტალიზაცია მოხდება

ნიკოლოზ ყიფშიძე

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ საზოგადოებას კონსილიუმის გადაწყვეტილება გააცნო და აღნიშნა, რომ პაციენტის პრევენციული ჰოსპიტალიზაცია მოხდება.

თუმცა მისი თქმით, ამაზე ჯერ თავად სააკაშვილის თანხმობაა საჭირო.

შეხვედრა იყო კონსილიუმის წევრებს, ასევე, იუსტიციის მინისტრსა და ჯანდაცვის მინისტრს შორის, ასევე, შეხვედრაზე იყო დეპუტატი ხუნდაძე. გავიარეთ კონსილიუმის დოკუმენტები და ყველა ერთად შევთანხმდით, რომ მოხდება პრევენციული ჰოსპიტალიზაცია, თუმცა ჯერ არ ვიცით სად - ამაზე ვმუშაობთ.

ჰოსპიტალიზაცია გადაწყვეტილი არ არის, იმიტომ რომ ამაზე ჯერ პაციენტი უნდა დათანხმდეს, მაგრამ ეს პრევენციული ჰოსპიტალიზაცია იქნება. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, დღეს იყო სტაბილური, პაციენტს კი ხვალ დილას შევხვდები“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის თქმით, ექიმთა ჯგუფმა გასცა კონკრეტული რეკომენდაციები, რომლის დიდი ნაწილის შესრულება ხვალიდან განხორციელდება.

„მედიკოსთა მულტიფუნქციური ჯგუფი ჩვენს კვალიფიციურ სამედიცინო პერსონალთან ერთად თანამშრომლობით დამატებით შეისწავლის სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში მოგვცემს შესაბამის რეკომენდაციებს.

დღეს გაიმართა მედიკოსების შეხვედრა, მოვისმინეთ მათი მიგნებები და მივიღეთ მათგან გარკვეული რეკომენდაციები, რომლებიც პატიმრის თანხმობის შემთხვევაში სრულად იქნება შესრულებული. თითოეული ეს რეკომენდაცია იქნება შესრულებული და მათი დიდი ნაწილის შესრულებას ხვალიდან დავიწყებთ“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ციხეში ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი დააკვირდება.

14 ოქტომბერს თბილისში სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. ექსპრეზიდენტმა მრავალრიცხოვანი აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ჰოსპიტალში გადაყვანის აუცილებლობის შესაძლებლობაზე იყო საუბარი“ - ნიკოლოზ ყიფშიძე მიხეილ სააკაშვილზე

✅კონსილიუმის წევრმა ექიმებმა მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცეს

✅„შეწყვიტეთ შიმშილობა, ჩემი მსხვერპლიც საკმარისია“ - სააკაშვილი