მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კვლავ რჩება ნევროლოგიური სიმპტომატიკა, წონასწორობის დარღვევა, სისუსტე, ასევე, ანემია“ - ნევროლოგი სააკაშვილზე

ნევროლოგი

„პაციენტის მდგომარეობა რჩება საყურადღებო. კვლავ რჩება ნევროლოგიური სიმპტომატიკა. ის არ გაუმჯობესებულა 12 დეკემბრის შემდეგ და მდგომარეობა იგივე რჩება. გამოხატულია ნეიროპათიის სიმპტომატიკა, წონასწორობის დარღვევა, სისუსტე, ასევე, რჩება ანემიაც, რაც მანამდეც იყო. ასევე, პოსტტრავმული ნერვული აშლილობა და დეპრესია, რომელიც არ შეფასებულა ბოლო ვიზიტზე, მაგრამ ჩვენ ვიხელმძღვანელეთ 12 დეკემბრის დიაგნოზით და პაციენტი დაახლოებით იმავე მდგომარეობაშია“, - ამის შესახებ ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს რჩება ნევროლოგიური დარღვევები და აუცილებელია სპეციალისტის მხრიდან მონიტორინგი და მკურნალობაში ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური თერაპიის ჩართვა. 

„ჩვენი დასკვნაა, რომ მედიკამენტური მკურნალობის გარდა, რაც მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია, უნდა ჩაერთოს ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია, რომელიც საპატიმროს პირობებში ნაკლებად რეალისტურია.

სხვა რეკომენდაციები ჩვენ ამ ეტაპზე არ გვაქვს. რაც შეეხება ნევროლოგიურ სიმპტომატიკას, „ვერნიკეს ენცეფალოპათიის“ ფონზე განვითარებული თიამინის დეფიციტის გამო გამოწვეული პოლინეიროპათიის შედეგი უნდა იყოს. ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური თერაპია ვფიქრობ, რომ ხელს შეუწყობს მისი ადეკვატური კვების რეჟიმის აღდგენასაც. დამატებითი კვლევის თვალსაზრისით, მიგვაჩნია, რომ უნდა ჩატარდეს მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია. მართალია, იგეგმება, მაგრამ, ჯერ არ ჩატარებულა, ხოლო ნევროლოგიური თვალსაზრისით საჭიროა მონიტორინგი და სიმპტომების გაუარესების შემდეგ დამატებითი კვლევები“, - აღნიშნა თენგო წულაძემ. 

„სააკაშვილი უბრალო პატიმრობაში არ იმყოფება, მან გადაიტანა სერიოზული სტრესი“, - ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმების კონსილიუმის წევრმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა.

„მდგომარეობის გაუარესება არის მაშინ მოსალოდნელი, თუ ეს სტრესი, დეპრესია მიხეილ სააკაშვილს გაუღრმავდება. ეს ყველაფერი გამოიწვევს ფიზიკური ჯანმრთელობის გაუარესებას. მისი ნებისმიერი რადიკალური ნაბიჯი, რა თქმა უნდა, კარდინალურად დააზიანებს სააკაშვილის ჯანმრთელობას“, - აღნიშნა ექიმმა.

მისი თქმით, სააკაშვილის ფსიქონევროლოგიური თერაპიული რეაბილიტაცია გორის საავადმყოფოში უფრო შესაძლებელი იყო.

„პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია არ არის მოხსნილი, პირიქით, არანაირი გაუმჯობესება ამ თვალსაზრისით არ არის. ამ დიაგნოზს სჭირდება 3 ძირითადი მკურნალობის მიმართულება:

პირველი - სტრესი უნდა იყოს მოხსნილი.

მეორე - ფსიქოთერაპია უნდა იყოს ძალიან მრავალმხრივი

მესამე - მედიკამენტური მკურნალობა, რომელიც არის მხოლოდ დამხმარე ხასიათის.

მიხეილ სააკაშვილს სტრესი მოხსნილი დღემდე არ აქვს, ფსიქოთერაპიული მკურნალობა არ უტარდება და შესაბამისად, მისი მდგომარეობა ბოლო 3 ვიზიტის დროს რაც ვნახეთ, არანაირად ამ თვალსაზრისით არ უმჯობესდება.

გაუმჯობესება ნაკლებად სავარაუდოა. დარჩება ამ დონეზე თუ გაღრმავდება დეპრესია და ფსიქონევროლოგიური აშლილობა, ძნელი სათქმელია. თუ ძირითადად ის, რაც იწვევს ამ ყველაფერს  მოხსნილი არა არის, სავარაუდოდ, უნდა ვიფიქროთ, ან არ გაღრმავდება ან გაღრმავდება.

გარდა იმისა, რომ ის პატიმარია, მან ორჯერ მიიღო ძალიან მძიმე სტრესი. ერთხელ ეს იყო გლდანის მე-18 დაწესებულებაში მისი გადაყვანის დროს და მეორედ ის იყო გორში, 25-26 დეკემბერს, როცა მას გაუფრთხილებლად დაუპირეს ისევ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა. ანუ ის უბრალო პატიმრობაში კი არ იმყოფება, გადაიტანა სერიოზული სტრესი, რამაც გამოიწვია ეს სიტუაცია.

ცოტა არ მჯერა იმის, რომ სრულყოფილი რეაბილიტაცია შესაძლებელია იქ, სადაც ის ახლა იმყოფება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მცდელობაც არ ყოფილა ამის და მცდელობა მაინც უნდა იყოს“, - აცხადებს გიორგი გრიგოლია. 

აგრეთვე, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ექსპერტთა ჯგუფთან ერთად მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის მეთოდოლოგიის შესახებ შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა. 

როგორც ლომჯარიამ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, ექსპერტთა ჯგუფმა რუსთავის მე-12 დაწესებულებაში სამი ვიზიტი განახორციელა.

ლომჯარიას თქმით, სამი ვიზიტის განმავლობაში ნათლად გამოჩნდა, რომ სააკაშვილთან მიმართებით მკურნალობის მეთოდოლოგიის თვალსაზრისით არსებითი ცვლილებები არ ყოფილა.

„სახალხო დამცველის, ექიმთა და ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმა რუსთავის მე-12 დაწესებულებაში. ეს არის მესამე ვიზიტი, რაც ამ ჯგუფმა განახორციელა შიმშილობის შეწყვეტის შემდგომ. დღეს წარმოვადგენთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ შემაჯამებელ ანგარიშს.

ამ სამი ვიზიტის განმავლობაში ჩვენ დავინახეთ, რომ არსებითი ცვლილებები მკურნალობის მეთოდოლოგიის თვალსაზრისით არ განხორციელებულა, ძირითადად პაციენტი მედიკამენტოზურ მკურნალობაზე იმყოფება, თუმცა კვლავ შეუსრულებელია ჩვენს მიერ გაცემული რეკომენდაციები ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროებაზე. აღნიშნული სამედიცინო სერვისის მიწოდება არ ხორციელდება.

ამიტომ, თუ არსებითად არ შეიცვალა ვითარება, არ ვაპირებთ, რომ კიდევ დამატებით განვახორციელოთ ვიზიტი, ვინაიდან, სამმა ვიზიტმა დაგვანახა, რომ მკურნალობის მიდგომების თვალსაზრისით ცვლილებები არ არის. ამიტომ, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ამ ეტაპისათვის ეს ანგარიში, შეფასებები და რეკომენდაციები შემაჯამებელი იქნება პაციენტის მდგომარეობის შესახებ“, - აცხადებს ნინო ლომჯარია. 

შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გასული წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი ამჟამად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉„სააკაშვილთან მიმართებით კვლავ შეუსრულებელია ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროებაზე გაცემული რეკომენდაციები“ - ლომჯარია

👉 მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს პროკურატურაში ექსპრეზიდენტის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნა შეაქვთ

👉 „არ მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის ადეკვატური მკურნალობა“ - მარიამ ჯიშკარიანი

👉 სააკაშვილისთვის ადვოკატებთან კომუნიკაციის და ექიმების მონახულების აკრძალვა, არაადამიანური მოპყრობაა - შოთა თუთბერიძე