მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან დავითაშვილი რეგიონული სამსახურებისა და მუნიციპალური ცენტრების ახალგაზრდა სტაჟიორებს შეხვდა

ლევან დავითაშვილი რეგიონული სამსახურებისა და მუნიციპალური ცენტრების ახალგაზრდა სტაჟიორებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „ზრდა საქართველოში“ დირექტორ ქეთი ჭუმბურიძესთან ერთად, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურებისა და მუნიციპალური ცენტრების ახალგაზრდა სტაჟიორებს შეხვდა.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების დაინტერესება სოფლის მეურნეობით. ჩვენ ყოველთვის ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გვჭირდება უფრო კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობა, სადაც მეტი თანამედროვე
ტექნოლოგია და ინოვაცია იქნება; ეს კი ახალგაზრდებს უკეთ გამოუვათ; შესაბამისად, უკეთესად შეძლებენ ინოვაციური მიდგომების ფერმერებამდე მიტანას და, ამავე დროს, სხვა დაინტერესებული ახალგაზრდების ჩართვას სოფლის მეურნეობაში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „ზრდა საქართველოში“ დირექტორ ქეთი ჭუმბურიძის განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან 5 წლიანი თანამშრომლობის
ფარგლებში, არაერთი პროექტი განხორციელდა; სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მიმართულებით განხორციელებული პროექტი არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც კონკურენტუნარიან სოფლის მეურნეობის განვითარებას შეუწყობს ხელს.

სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებსა და მუნიციპალურ ცენტრებში სტაჟიორებს შესაძლებლობა აქვთ, სოფლის მეურნეობის დარგში პროფესიული მიმართულებების პრაქტიკული უნარ-ჩვევები სტაჟირების გავლით შეიძინონ. შეხვედრაზე, სტაჟიორებს აგრარულ ლიტერატურა და საექსტენციო საქმიანობისათვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცათ.

ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი ესწრებოდნენ.