მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან დავითაშვილი: ვფიქრობ, მიმდინარე წელს ახალ ბაზრებზე კიდევ უფრო მეტად წარმატებულები იქნებიან ქართული ღვინის კომპანიები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ 2021 წლის მონაცემებით, რუსეთის ბაზარზე ექსპორტის წილმა 57% შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია როგორც ემბარგომდე (როცა 87% რუსეთის ბაზარს ეკავა), ისე ემბარგოს გაუქმების შემდეგი წლების გათვალისწინებით, რაც სამინისტროს თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია.

„დივერსიფიცირების ღონისძიებებით რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება ყოველწლიურად უნდა შევამციროთ, რაც ახალ ბაზრებზე, სადაც ქართული ღვინის ცნობადობა შედარებით ნაკლებია, უფრო მეტ მარკეტინგულ აქტივობას გულისხმობს.

გასულს წელს პირველად, აშშ-ის ბაზარზე, რომელიც მარკეტინგული კუთხით პრიორიტეტულ მიმართულებად იქნა შერჩეული, უკვე მილიონიან ნიშნულს მიუახლოვდა ქართული ღვინის ექსპორტი. ჩვენი მიზანია აქტიურად განვახორციელოთ პროექტი, რომელიც ინდივიდუალური მარკეტინგული ინიციატივების მხარდაჭერას უკავშირდება და რაც სავაჭრო მარკეტინგის თანადაფინანსებას გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან. პროგრამის პრეზენტაცია გასული წლის სექტემბერში გვქონდა და მეღვინეების მხრიდან დიდი დაინტერესება გამოიწვია.

ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტულ ბაზრებზე კიდევ უფრო მეტ გააქტიურებას ველოდებით დივერისიფიცირების გაძლიერების და აღნიშნული პროგრამის ეფექტიანად განხორციელების შემთხვევაში. ვფიქრობ, ახალ ბაზრებზე კიდევ უფრო მეტად  წარმატებულები იქნებიან ქართული ღვინის კომპანიები“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.