მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან კარანაძე EUROCONTROL-ის მმართველი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი, ლევან კარანაძე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი, ლევან კარანაძე ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) მმართველი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.

EUROCONTROL-ის მმართველი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ლევან კარანაძის მეორე ვადით არჩევას ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა (41 ქვეყანა) ერთხმად დაუჭირეს მხარი. საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე გერმანიის საავიაციო ხელისუფლების პირველი პირი, იოჰან ფრიდრიხ ქოლსმანი იქნა არჩეული. ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ასევე დაიკავებს ავსტრიის საავიაციო ხელისუფლების ხელმძღვანელი ელისაბეთ ლენდრიჰტერი.

ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის საბჭო წარმოადგენს უწყების მმართველ რგოლს, რომელიც უზრუნველყოფს EUROCONTROL-ის მიერ განსაზღვრული პოლიტიკის და სამოქმედო გეგმის აღსრულებას. საბჭოს წევრები არიან ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების საავიაციო ხელისუფლებების პირველი პირები. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი EUROCONTROL-ის მმართველი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად პირველი ვადით 2019 წელს აირჩიეს. 25 ნოემბერს გამართული კენჭისყრის შედეგად, ლევან კარანაძე აღნიშნულ პოსტზე საქმიანობას მომავალი ორი წლის ვადით გააგრძელებს.

საბჭოს რიგით 56-ე სესიის ფარგლებში, ლევან კარანაძემ შეხვედრები გამართა EUROCONTROL-ის გენერალურ დირექტორთან და ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტთან. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა საქართველოში საჰაერო მიმოსვლის აღდგენის მხრივ არსებული დინამიკა და ტენდენციები, ასევე დარგის წინაშე არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები. დადებითად შეფასდა ის ფაქტი, რომ საქართველოს საავიაციო ხელისუფლება აქტიურად არის ჩართული ICAO-ს, EUROCONTROL-ის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაში, რეგიონალურ პროექტებსა თუ ღონისძიებებში.

ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაცია (EUROCONTROL) არის საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ევროპის მასშტაბით საჰაერო მოძრაობის უსაფრთხო და უწყვეტი მართვის უზრუნველყოფის კუთხით. ორგანიზაცია 41 წევრ სახელმწიფოს დახმარებას უწევს, საჰაერო მართვის სისტემის არქიტექტურის გარდაქმნასა და თანამედროვე სტანდარტების სააერნაოსნო მომსახურების დანერგვაში. გარდა ამისა, EUROCONTROL-ი ორიენტირებულია ევროპის საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობის გაზრდასა და მოქნილ სარგებლობაზე, სამოქალაქო და სამხედრო ავიაციას შორის კოორდინაციის გაუმჯობესებაზე, ეფექტური, უფრო ეკონომიური, გარემოსადმი კეთილსასურველი და ინოვაციური გადაწყვეტის შეთავაზებაზე. საქართველო EUROCONTROL-ის წევრი ქვეყანა 2014 წელს გახდა.