
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მედიის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია დაიწყო.
უწყების წინ შეკრებილი არიან სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები და მათ მოტანილი აქვთ ტელეკომპანია „პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტო.
აქციის მონაწილეები იმ პირების დასჯას ითხოვენ, რომლებიც ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„გომელაურის უწყება არის პირველ რიგში ის უწყება, რომელსაც სურვილი, რომ ჰქონოდა უნდა შეეჩერებინა ის სასაკლაო, რომელიც 5 ივლისს მოაწყვეს. შესაბამისად მოვედით აქ და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ აუცილებლად მივალთ ყველგან, ხმას ყველა მათგანს მივაწვდენთ, ყველგან ვიქნებით როგორც ეთერებში, როგორც სტუდიებში, ასევე ქუჩაში, იმიტომ რომ მათ აიღონ ეს პასუხისმგებლობა და შეიგნონ, რომ სწორედ ისინი არიან დამნაშავეები“, - აღნიშნა ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ.
ინფორმაციისთვის, 11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი იყო, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე რადიკალური დაჯგუფებები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.
ამავე თემაზე:
🔴 „ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება დიდი დარღვევა იყო“ - მიხეილ რამიშვილი გარდაცვლილი ოპერატორის საქმეზე
🔴 ლექსო ლაშქარავაზე ძალადობისთვის ბრალდებულ დავით კუტალაძეს პატიმრობა შეეფარდა