მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეუფე იაკობი: ეს პრაიდი რუსების შექმნილია და მათ რუსეთის მხრიდან შეიძლება პროვოკაცია მოეწყოთ

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი

„ეკლესიას ძალიან ესხმით თავს და სიმყრალე იმათ მოიკითხონ თავისთან, რომელი ტელევიზიაც მოსახლეობაზე ფსიქოლოგიურ ტერორს ეწევა“, - აღნიშნულის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა „TV ფორმულას“ ჟურნალისტს განუცხადა.

მეუფე იაკობი აცხადებს, რომ არ გრძნობს პასუხისმგებლობას მომხდარის შესახებ, მისი თქმით, პასუხისმგებელია ყველა ის ადამიანი, ვინც აიძულებდა პრაიდს, რომ ჩაეტარებინათ მარში.

„სასულიერო პირს არავინ უცემია, ტყუილების ტელეკომპანია ხართ და ტყუილებს ნუ აშუქებთ. არც ერთ სასულიერო პირს არავინ უცემია, მოიტანეთ ხომ გაქვთ ჩანაწერები, გვაჩვენეთ. ჩვენ მანამდეც გავაკეთეთ განცხადება და იმ დღეს, რომ მოხდა მოვლენები, ვინ იცოდა რომ ჟურნალისტებს დაესხმებოდნენ თავს?

5 საათზე ლოცვა უნდა გვქონოდა და 6 საათზე ისინი აანონსებდნენ აქციას. პირადად მე საერთოდ არ ვგრძნობ პასუხისმგებლობას. პასუხისმგებელია ყველა ის ადამიანი, ვინც აიძულებდა პრაიდს, რომ ჩაეტარებინათ მარში“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ის მიიჩნევს, რომ ზოგიერთი ჟურნალისტი და მედიაორგანიზაცია ფსიქოლოგიურ ტერორს ეწევა მოსახლეობაზე.

„საქართველოში პრაიდი ვერ ჩატარდება, კაცი - კაცია და ქალი - ქალია. რადგან კამერა გიჭირავთ ნუ გგონიათ, რომ განსხვავებიულები ხართ. ეკლესიას ძალიან ესხმით თავს და სიმყრალე იმათ მოიკითხონ თავისთან. ხოლო ის სასულიერო პირი, ვინც აქციაზე ხალხს მოუწოდებდა, სასტიკი საყვედურით დაისაჯა და ამჟამად ისვენებს მსახურებიდან.

მე-11 არმია ხართ, მე-5 კოლონა ხართ, სადაც გინდათ იქ მიჩივლეთ, ჰომოფობები ხართ, გძულთ ადამიანები და ყოველთვის წარმოაჩენთ მათ ცუდად. ხალხს განაწყობთ, რომ რუსეთისკენ წავიდნენ, პარტიული ლიდერები გყავთ ჟურნალისტებს რუსები“, - განაცხადა მეუფემ.

ის აღნიშნავს, რომ პრაიდის ღონისძიება რუსეთის მხრიდან არის ორგანიზებული, იმისათვის რომ მოსახლეობა დაჰპირისპირებოდა ერთმანეთს და ქვეყანაში არეულობა შექმნილიყო.

„ადრე თაბაგარს ვეუბნებოდი არ ჩაატაროთ ეს პრაიდი-თქო. პრაიდის ორგანიზატორებს აძალებდნენ, რომ მსვლელობა ჩაეტარებინათ. მათ იცოდნენ, რომ მოხდებოდა ძალიან ცუდი რამ და კიდევ კარგი უარესი არ მოხდა. 2 წლის წინ ინფორმაცია მქონდა, რომ მსოფლიოში იმართებოდა მსგავსი ღონისძიებები, მაგრამ უშუალოდ ეს პრაიდი რუსების შექმნილია და მათ რუსეთის მხრიდან შეიძლება პროვოკაცია მოეწყოთ.

რომ ნახეს რომ პრაიდი ვეღარ ტარდებოდა, ადგნენ და ჟურნალისტებს დაგესივნენ, რა შუაში ხართ თქვენ ჟურნალისტები? ვის უნდა სცოდნოდა, რომ მაინცდამაინც მედიის წარმომადგენლებს ამოირჩევდნენ ? ეს იმისთვის უნდოდათ რომ მერე ხმაური ატეხილიყო. საქართველოში ქართველ ერს რაც უნდა, ისე უნდა იყოს. ჩვენთან ამ თემაზე წითელი ხაზია“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

შეგახსენებთ, რომ მარშის მოწინააღმდეგეები ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და მედიის სხვა თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ.

5 ივლისს „რუსთაველის“ გამზირზე სიტუაცია დაიძაბა. პარლამენტის შენობასთან „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაშლილი კარვები დაარბიეს, ხოლო შემდეგ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

აგრეთვე, „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის წარმომადგენლებმა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისი დაარბიეს.

11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი იყო, რომელსაც 5 ივლისს რადიკალური დაჯგუფებები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.

იხილეთ აგრეთვე:

⭕ ჟურნალისტების სია, რომელთაც რადიკალური ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ

⭕ „ერთი ჟურნალისტი დაიღუპა და რა ამბავში ხართ“ - მეუფე ანტონი აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოებს

⭕ TV პირველის ოპერატორი გარდაიცვალა