მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილი ყველა დანიშნული მედიკამენტის მიღებას აგრძელებს“ - ექიმი

მე-18 დაწესებულების ექიმი

მე-18 დაწესებულების რეანიმატოლოგის სანდრო მათეშვილის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და დღეის მონაცემებით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

როგორც ბრიფინგზე ექიმმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი ყველა დანიშნული მედიკამენტის მიღებას აგრძელებს. 

მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტმა ყველა დანიშნული მედიკამენტი გუშინ მიიღო. 

„მიხეილ სააკაშვილი იმყოფება მე-18 დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. იცით, რომ გუშინ დაწესებულებაში იმყოფებოდა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფი, მათი თანდასწრებით მოხდა პაციენტის სამედიცინო ბარათის შესწავლა. 

ასევე, წარმოდგენილი იყო უახლოესი ლაბორატორიული მონაცემები, იქიდან გამომდინარე, რომ პაციენტი ბოლო 3 დღის განმავლობაში არ იღებდა მედიკამენტებს, აღნიშნული იყო ლაბორატორიული მონაცემებით ცვლილებები. 

გუშინ პაციენტმა მიიღო ყველა დანიშნული მედიკამენტი და შესაბამისად ლაბორატორიული მონაცემები გაუმჯობესდა, მათ შორის კალიუმის დონე, რომელიც მიუახლოვდა ნორმას. 

პაციენტი აგრძელებს ყველა დანიშნული მედიკამენტის მიღებას, აქვე დავსძენთ, რომ მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ძირითადი სასიცოცხლო მონაცემები როგორიც არის პულსი, წნევა, სატურაცია, სისხლში გლუკოზის დონე, ნორმის ფარგლებშია. 

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მუდმივი კონტროლის ქვეშ და დღეის მდგომარეობით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - აღნიშნა სანდრო მათეშვილმა. 

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

ოპოზიცია, ექსპრეზიდენტის ოჯახი, საზოგადოების წევრები და ექიმების ნაწილი მის სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვს, რაზედაც პენიტენციური სამსახური უარს აცხადებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 „ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილს არ დავუშვებთ“ - დიმიტრი ხუნდაძე

🔴 „დაჟინებით მოვუწოდებ ბატონ მიხეილს, შეწყვიტოს შიმშილობა, ეს ცეცხლთან თამაშია“ - ამირან გამყრელიძე