მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანა სურთ, სადაც უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს“ - ადვოკატი

ადვოკატი

„არ ნიშნავენ სასამართლო პროცესებს. გუშინ წარმოდგენილ ბრალთან დაკავშირებით სასამართლოშიც არ მიაქვთ საქმე, რომ სააკაშვილს საზოგადოებისთვის მიმართვის შესაძლებლობა არ მიეცეს“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ხელისუფლება არ ზრუნავს სააკაშვილზე, როდესაც ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გადაიყვანენ არა ნებისმიერ კლინიკაში, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი და დაცვის მხარე მიუთითებს, არამედ ციხის კლინიკაში.

„რამდენიმე დღის წინ მათ თქვეს, რომ დაცვის მხარემ მიუთითოს ნებისმიერი კლინიკა თბილისში და მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციას იქ მოვახდენთო. გუშინ კი მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია მოხდება მე-18 დაწესებულებაში.

ეს არის პირდაპირ მინიშნება იმაზე, რომ ისინი აწყობენ პროვოკაციას და სააკაშვილის უსაფრთხოებაზე ისინი არ ზრუნავენ. ჩვენ განსაკუთრებულ არაფერს ვითხოვთ. იმ პრაქტიკას ვითხოვთ, რაც აქამდეც ჰქონდა პენიტენციურ სამსახურს.

მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საჭიროება ძალიან მალე დადგება. მისი შიმშილობა უკვე 20-დღიან მიჯნას გადაცდა და შეიძლება საათობრივად მისი მდგომარეობა დამძიმდეს და გამოხტა ეს მინისტრი და თქვა, რომ გლდანის ციხეში უნდა მოვათავსოთო, სადაც კრიმინალური მუხლებით გასამართლებული ადამიანები იმყოფებიან. მათ იქ სურთ სააკაშვილის გადაყვანა, სადაც უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს.

ისეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ, გადაჰყავთ „ვივამედში“ ან სხვა კლინიკაში, სადაც შესაბამისი პირობები არსებობს - ვსაუბრობ სამოქალაქო დაწესებულებებზე.

ის განცხადება, რომელიც რატი ბრეგაძემ გააკეთა, არის შეუძლებელი. თურმე, ეს ფარსი იმისთვის დადგა იუსტიციის სამინისტრომ, რომ შემდეგ მე-18 დაწესებულებაში, იქ, სადაც სხვადასხვა კრიმინალური მუხლით გასამართლებული ადამიანები არიან, უნდა მოათავსონ მიხეილ სააკაშვილი“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ციხეში ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი დააკვირდება.

14 ოქტომბერს თბილისში სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. ექსპრეზიდენტმა მრავალრიცხოვანი აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 „თანახმა ვარ მედიკამენტოზურ ჩარევაზე“ - მიხეილ სააკაშვილი

🔴 ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენთვის აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის, ჩვენთვის მთავარია, ჩვენი ხალხი რას იტყვის

🔴„ჰაერში ტრიალებს გამარჯვების და ცვლილებების სუნი, ეს შანსი არ უნდა გავუშვათ“ - მიხეილ სააკაშვილი

🔴„მიხეილ სააკაშვილი არის ზვიად გამსახურდიას გზის გამგრძელებელი“ - ადვოკატი