მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მინდა, პრემიერი გავაფრთხილო, ჩვენ არ ვხუმრობთ, ჩვენ მივდივართ, რომ ფიზიკურად ჩავშალოთ - გურამ ფალავანდიშვილი

 „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი

„ჩვენ წავალთ ნებისმიერი აქტივობის ჩასაშლელად“, ამ სიტყვებით ეხმაურება „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას,.

მისი თქმით, თუ „თბილისი პრაიდის“ მსვლელობა სხვა ტერიტორიაზე გადაინაცვლებს, ისინი აქტივობას მაინც ჩაშლიან.

„თუ სადმე დაანონსდება და გავიგებთ, ჩვენ ჩვენი ძალებიდან ნახევარს იქ წავიყვანთ. ჩვენ წავალთ ნებისმიერი აქტივობის ჩასაშლელად. მინდა პრემიერი გავაფრთხილო, ჩვენ არ ვხუმრობთ. ჩვენ მივდივართ, რომ ფიზიკურად ჩავშალოთ. შემდგომ მივადგებით მას კაბინეტში, თუ მოხდება ძალადობა ქართველ ერსა და ბერზე. ჩვენ, ქართველი ერი და ბერი ნებისმიერი სიბინძურის პრაიდს ვშლით“, - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

ინფორმაციისთვის, „პრაიდის კვირეული“ საქართველოში 1-5 ივლისს იმართება. კვირეულის ფარგლებში სულ 3 ღონისძიება დაიგეგმა. 1-ელ ივლისს დოკუმენტური ფილმის კინოჩვენება გაიმართა, 3 ივლისს - პრაიდ ფესტივალი, კვირეულის მთავარი აქტივობის, „ღირსების მარშის“ ჩატარება კი 5 ივლის დაიგეგმა.

„ღირსების მარშის“ ჩატარების წინააღმდეგ მობილიზებულები არიან ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები. მარშის გაპროტესტებისკენ მოწოდება გააკეთა საპატრიარქომაც. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა „საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ბავშვთა საინიციატივო ჯგუფის“ სახელით გაავრცელა განცხადება და 18 წლამდე ასაკის ბავშვებსაც მოუწოდა რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ.

5 ივლისს „რუსთაველის“ გამზირზე სიტუაცია დაიძაბა. პარლამენტის შენობასთან „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაშლილი კარვები დაარბიეს, ხოლო შემდეგ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მოგვიანებით, „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის წარმომადგენლებმა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისი დაარბიეს.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. ვითარება ამ დრომდე დაძაბული რჩება.