მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, ყველა გამოუშვას“ - ზაზა სარალიძე პრეზიდენტს მისი შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისკენ მოუწოდებს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძის მამა

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, მისი შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულები შეიწყალოს.

„პირდაპირ მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, გამოუშვას სულ ყველა, ყველა იმ ბავშვს ვპატიობ ყველაფერს, სიმართლე ითქვა და მკვლელები აღარ მაინტერესებს. იმიტომ ვპატიობ, რომ კანონი მეუბნება 15 წლის მერე მაინც უნდა აპატიო, დღესვე ვაპატიებ, რატომ ვიტანჯო 15 წელი თავი? 

განა ის ბავშვები არ მეცოდება და მათი მშობლები არ მეცოდება? ეს განცხადება ბოლო სასამართლო პროცესზე დავაფიქსირე. ვინც სიმართლეს იტყვის, ყველა გამოუშვან. კალანდიაც გამოუშვან. აღარაა მკვლელები ჩემთვის მნიშვნელოვანი. აღარ არის ჩემთვის მკვლელები მნიშვნელოვანი, სიმართლე ითქვა“, - აღნიშნა სარალიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში. 

ცნობისთვის, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს.

ის თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა.