მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოსამართლემ „ნეტფლიქსის“ შუამდგომლობა გაფრინდაშვილის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ არ დააკმაყოფილა

მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი

კალიფორნიაში მიმდინარე სასამართლო პროცესზე მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა „ნეტფლიქსის“ შუამდგომლობა გაფრინდაშვილის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ არ დააკმაყოფილა, - ამის შესახებ ინფორმაციას იურიდიული ფირმა BLB ავრცელებს.

„იურიდიული ფირმა BLB საქართველოს ულოცავს ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილის კიდევ ერთ გამარჯვებას კალიფორნიაში!

მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა არ დააკმაყოფილა კინოინდუსტრიის მაგნატის, Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

მოსამართლემ არ გაიზიარა Netflix-ის არგუმენტაცია გამოხატვის თავისუფლებით დაცვასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, რომ ქართველი მოჭადრაკე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, პირველი ქალი, რომელმაც ვაჟთა შორის დიდოსტატის წოდება მოიპოვა - ნონა გაფრინდაშვილი, უმსხვილეს სტრიმინგს „ნეტფლიქსს“ მის მიმართ შეურაცხმყოფელი, ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ედავება. საქმე ეხება სერიალ „ლაზიერის გამბიტს“ (The Queen’s Gambit), რომლის  კულმინაციურ ეპიზოდში, ჭადრაკის დიდოსტატის უმნიშვნელოვანესი კარიერული მიღწევის შესახებ მიზანმიმართულად გაჟღერდა ცრუ ინფორმაცია, რომ მას მამაკაც მოჭადრაკეებთან  არასდროს უთამაშია; ამავდროულად სერიალში იგი მოხსენიებულია, როგორც რუსი მოთამაშე.

(ცნობისთვის, „ნეტფლიქსი“ უმსხვილესი სტრიმინგ და მედია მაგნატია, რომლის  მხოლოდ 2020 წლის შემოსავალი დაახლოებით 25 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.)

უდავოდ დადასტურებული ფაქტია, რომ ნონა გაფრინდაშვილი 1950-იანი წლების ბოლოდან წარმატებით ასპარეზობდა მამაკაცთა ტურნირებზე საბჭოთა კავშირის მასშტაბით და 1960-იანი წლებიდან მონაწილეობს და იგებს პრესტიჟულ საერთაშორისო მამაკაცთა ტურნირებს.