
კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მცხეთა-მთიანეთში შექმნილი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, მხარის სახელმწიფო რწმუნებულის შალვა კერესელიძის ხელმძღვანელობით მუშაობას აქტიურად აგრძელებს.
მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, რეგიონში შემავალ თითოეულ მუნიციპალიტეტში მოხალისეთა ჯგუფები შეიქმნა.
მათივე ცნობით, აღნიშნულ ჯგუფებში, ამ ეტაპზე, უკვე 140 ადამიანია გაწევრიანებული.
"მოხალისეები, კორონა ვირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთვებიან. ისინი მუდმივ კოორდინაციაში იქნებიან უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფთან. COVID 19-ის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მცხეთა-მთიანეთში სხვა აუცილებელი ღონისძიებებიც განხორციელდა. დეზინფექცია ჩაუტარდა ყველა საგანმანათლებლო, კულტურისა და სპორტულ დაწესებულებას. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივ ტრანსპორტში", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, საჯარო დაწესებულებები, შესაძლებლობის ფარგლებში, დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ.
მუნიციპალიტეტებში დროებით შეჩერდა გარკვეული სერვისების მიწოდება. ასევე, შეიზღუდა მოქალაქეთათვის მომსახურების პირდაპირი წესით გაწევა. ჩვეულ რეჟიმში გრძელდება სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით მოსახლეობისთვის მომსახურების გაწევა.