
"დღეს არის დრო, რომ ყველამ თავისი კომერციული ინტერესი უკან გადადოს და იმოქმედოს საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ჩვენ გავაუქმეთ ყველა ჩარტერული რეისი და შესრულდება მხოლოდ ის რეისები, რომელიც მთავრობასთან იქნება შეთანხმებული. ეს ასეც გაგრძელდება და არა რომელიმე ცალკეული კომპანიის ბიზნეს ინტერესიდან გამომდინარე",-ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც კომპანია "საქართველოს ავიახაზების" განცხადებას უკავშირდებოდა.
მისი თქმით, მთავრობა ყველა რეისის შესრულებაზე გადაწყვეტილებას მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღებს.
"ყველა გადაწყვეტილება ფრენაზე იქნება შთანხმებული ჩვენთან, რადგან ყველა ჩამოსული ადამიანი უზრუნველყოფილი უნდა იყოს საკარანტინე ზონით, ამიტომ ჩვენ ამას გავაკეთებთ ისე, როგორც ადამიანებისთვის იქნება ყველაზე უსაფრთხო",-აღნიშნა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს "საქართველოს ავიახაზების" ჩარტერული რეისით ვენიდან 180 მოქალაქე ვერ გამოფრინდა, რადგან კომპანიის განცხადებით, მთავრობამ ფრენის შესრულების ნება არ მისცა.