მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

ნიკოლაძის ქუჩაზე მოკლული ნიკა კვარაცხელია

თბილისში, ნიკოლაძის ქუჩაზე 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

ერთ-ერთი მთავარი მოწმის თქმით, ნიკა კვარაცხელია სანამ გონს იყო, ამბობდა, რომ არ იცოდა ვინ იყო მასზე თავდამსხმელი.

ამასთან, ნიკოლაძის ქუჩის მცხოვრებლების თქმით, კვარაცხელია წარმოშობით სამეგრელოდან იყო. ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ კვარაცხელიას მკვლელობა შურისძიებას უკავშირდებოდეს.

„ოფისში ვმუშაობდი, როდესაც გასროლის ხმა გავიგე და სავარაუდოდ პისტოლეტის გასროლის ხმა იყო. დაახლოებით ერთ წუთში გავედი გარეთ და ვიყავი დაჭრილთან. დავინახე, რომ ძირს ეგდო და თავისი მანქანით წავიყვანეთ საავადმყოფოში. მანქანას უკანა მხრიდან ორი ცალი ნატყვიარი ეტყობოდა. თავად გონზე იყო და სასწრაფო სამედიცინო დახმარება ითხოვა.

როცა ველაპარაკეთ, ვკითხეთ სახელი და გვარი. არ იცოდა ვინ იყვნენ თავდამსხმელები, აზრზე არ ვარო ამბობდა. ისეთ მდგომარეობაში იყო, ტყუილიც რომ ეთქვა, ძალიან საეჭვოა. დიდი ალბათობით, მანქანიდან გადმოვიდა და მაშინ ესროლეს, იმიტომ, რომ მანქანის კარიც ღია იყო“, - აცხადებს თვითმხილველი.

ინფორმაციისთვის, ნიკა კვარაცხელია ქართული სოციალური ქსელის, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.

მოკლული ახალგაზრდა კრიმინალური ავტორიტეტის გია კვარაცხელიას შვილია.

შემთხვევა გუშინ, 15 სექტემბერს ნიკოლაძის ქუჩაზე მოხდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე (დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.) და 236-ე მუხლებით მიმდინარეობდა, (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე), რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

🔴 თბილისში, ნიკოლაძის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი ჩაცხრილეს

🔴 თბილისში, ნიკოლაძის ქუჩაზე დაჭრილი 22 წლის ბიჭი გარდაიცვალა