საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე სამუშაო ვიზიტით ესტონეთს ეწვია

ნიკოლოზ სამხარაძე
1634148736
დაკოპირებულია

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ესტონეთის პარლამენტში მის კოლეგას, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, მარკო მიჰკელსონს, ესტონეთი - საქართველოს საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელს მარია იუფერევა - სკურატოვსკის და ჯგუფის წევრებს შეხვდა.

მხარეებმა საქართველო-ესტონეთის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებაზე მათ შორის, როგორც საკომიტეტო ასევე, მეგობრობის ჯგუფის ფარგლებში.

„აღინიშნა, რომ ესტონეთი არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მხურვალე მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. აქედან გამომდინარე, ეს ურთიერთობები მაღალ ნიშნულზე უნდა შენარჩუნდეს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. მისი თქმით შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ახლახან ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.

საკანონმდებლო ორგანოში გამართული შეხვედრისას მიმოიხილეს საქართველოს ასოცირებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა მათ შორის, რეფორმების დღის წესრიგი, რათა 2024 .წელს, საქართველოს მიერ ევროკავშირში წევრობის შესახებ ამბიციური განაცხადი სისრულეში იქნეს მოყვანილი. მხარეებმა ასევე, ისაუბრეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე.

ნიკოლოზ სამხარაძემ კოლეგებს მადლობა გადაუხადა სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის წინ წამოწევაში და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ძლიერი მხარდაჭერისთვის.

შეხვედრისას, მხარეებმა სამხრეთ კავკასიაში და შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების ვითარებაზე და რუსული ჰიბრიდული საფრთხეების შესახებ ისაუბრეს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ კოლეგები საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია, რომელიც სავარაუდოდ მომავალ წელს გაიმართება.