მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნიკოს სტიპენდია“ – ნიკო კვარაცხელიას ოჯახი ბათუმში გარდაცვლილი არასრულწლოვნების ძმებს სტიპენდიას უნიშნავს

ნიკოლაძის ქუჩაზე მოკლული ნიკა კვარაცხელია

რამდენიმე კვირის წინ თბილისში, ვერაზე მოკლული Feeds–ის დამფუძნებლის ნიკო კვარაცხელიას ოჯახი ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილი არასრულწლოვნების ძმებს სტიპენდიას უნიშნავს. ამის შესახებ ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც ისინი სამძიმარს უცხადებენ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.

„მოზიარე ვართ თქვენი დიდი მწუხარების. ყველაზე კარგად ჩვენს ოჯახს ესმის, რას გრძნობთ ახლა, რა ტკივილი გაქვთ და როგორ დათმობდით ყველაფერს, რომ თქვენი ცოლი და შვილები გადაგერჩინათ. დარწმუნებული ვართ, თქვენ, ისევე როგორც ჩვენ, დიდ იმედებს ამყარებდით თქვენს შვილებზე.

ოცნებობდით, რომ ისინი მაინც იცხოვრებდნენ განსხვავებულ საქართველოში და საკუთარ თავზე არ გამოცდიდნენ იმ ცხოვრებისეულ სიმძიმეებს, რაც ჩვენმა თაობამ გამოსცადა. ვერაფრით განუგეშებთ, რადგან ეს ტკივილი არის განუკურნებელი. ერთადერთი, რითაც ჩვენს ოჯახს შეუძლია გამოხატოს თქვენდამი თანადგომა - „ნიკოს სტიპენდიაა“.

ჩვენი გადაწყვეტილებით, თქვენი შვილები ყოველთვიურად მიიღებენ „ნიკოს სტიპენდიას“, რომლითაც იმედი გვაქვს, შეძლებისდაგვარად უზრუნველვყოფთ მათთვის უკეთესი განათლების მიცემის შესაძლებლობას.

გვჯერა, რომ მხოლოდ განათლებულ, პასუხისმგებლობის მქონე პროფესიონალ ადამიანებს შეუძლიათ იმ უკეთესი საქართველოს მშენებლობა, რომელშიც ასე გვინდოდა, რომ ჩვენს შვილებს ეცხოვრათ“, - აღნიშნულია ნიკო კვარაცხელიას ოჯახის წერილში.

ინფორმაციისთვის, 8 ოქტომბერს, დაახლოებით დღის 12:00 საათზე ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.

სამაშველო ოპერაციაში 300-მდე მაშველი მონაწილეობდა. მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი კი, 36 წლის ქალი ინგა მეკეიძე, 9 ოქტომბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ბათუმში მომხდარ ტრაგედიას სულ 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 3 არასრულწლოვანია.

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ აგრეთვე:

📣„დიდია მწუხარება, რომელიც ახლახან ბათუმში მომხდარ ტრაგედიას მოჰყვა, ღმერთს შევთხოვ, მოგვცეს გამძლეობა“ - ილია II

📣საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

📣პლატფორმა Feedc-ი განცხადებას ავრცელებს