მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნონა გაფრინდაშვილის საქმეზე, ქართული მხარე გამარჯვებული დარჩება“ - მაია მწარიაშვილი

ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი

„ნონა გაფრინდაშვილის საქმის შესახებ გადაწყვეტილებას მოსამართლე მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებების მოსმენის გარეშე მიიღებს“, - ამის შესახებ „იმედის“ ეთერში  იურიდიული ფირმა BLB-ის იურისტმა მაია მწარიაშვილმა განაცხადა. 

როგორც მაია მწარიაშვილი აღნიშნავს, ამ საქმეში ქართული მხარე აუცილებლად გამარჯვებული დარჩება. 

„გუშინ, 24 დეკემბერს უნდა ყოფილიყო ღია მოსმენა ანუ მხარეთა არგუმენტების მოსმენა სასამართლოში. შეიცვალა მხოლოდ პროცედურა, მოსამართლეს უნდა მოესმინა მხარეთა დამატებითი არგუმენტები, თუმცა, სასამართლომ ჩათვალა რომ ამ ეტაპზე, გადაწყვეტილების მიღებისთვის აღარ სჭირდება მხარეთა ზეპირი მოსაზრებები.

სხდომა ჩატარდა, მხოლოდ მხარეთა დამატებითი არგუმენტების მოსმენის გარეშე. ველოდებით წერილობით გადაწყვეტილებას ახლო მომავალში. ამ საქმეში, ერთი შეხედვითაც ჩვენი უპირატესობა აშკარაა. ქართული მხარე ამ დავაში გამარჯვებული დარჩება“, - აცხადებს მაია მწარიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მოჭადრაკე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, პირველი ქალი, რომელმაც ვაჟთა შორის დიდოსტატის წოდება მოიპოვა - ნონა გაფრინდაშვილი, უმსხვილეს სტრიმინგს „ნეტფლიქსს“ მის მიმართ შეურაცხმყოფელი, ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ედავება. საქმე ეხება სერიალ „ლაზიერის გამბიტს“ (The Queen’s Gambit), რომლის  კულმინაციურ ეპიზოდში, ჭადრაკის დიდოსტატის უმნიშვნელოვანესი კარიერული მიღწევის შესახებ მიზანმიმართულად გაჟღერდა ცრუ ინფორმაცია, რომ მას მამაკაც მოჭადრაკეებთან  არასდროს უთამაშია; ამავდროულად სერიალში იგი მოხსენიებულია, როგორც რუსი მოთამაშე.

(ცნობისთვის, „ნეტფლიქსი“ უმსხვილესი სტრიმინგ და მედია მაგნატია, რომლის  მხოლოდ 2020 წლის შემოსავალი დაახლოებით 25 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.)

უდავოდ დადასტურებული ფაქტია, რომ ნონა გაფრინდაშვილი 1950-იანი წლების ბოლოდან წარმატებით ასპარეზობდა მამაკაცთა ტურნირებზე საბჭოთა კავშირის მასშტაბით და 1960-იანი წლებიდან მონაწილეობს და იგებს პრესტიჟულ საერთაშორისო მამაკაცთა ტურნირებს.

„ნეტფლიქსის“ შუამდგომლობასა და ნონა გაფრინდაშვილის საპასუხო პოზიციასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილი გახდება 2022 წლის 24 იანვრის შემდგომ.