
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე COVID-19 -ის ლაბორატორიულ კვლევებთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს და საზოგადოებას მიმართავს.
როგორც იმნაძემ აღნიშნა, ლაბორატორიული კვლევა პანაცეა არ არის.
"ძალიან ბევრს ჰგონია, რომ ლაბორატორიული კვლევა პანაცეაა, განსაკუთრებით კი საზღვარგარეთიდან ჩამოსულებს, ასევე იმათ, ვინც თვითიზოლაციასა და კარანტინში იმყოფებიან. კარგად დაიმახსოვრეთ, ანალიზი სანამ ადამიანი ავად არ გახდება, არის უარყოფითი ანუ ინკუბაციური პერიოდის მაქსიმუმი არის 14 დღე. შეიძლება პირველი დღიდან მე-13 დღის ჩათვლით, ადამიანმა ყოველ დღე რომ გაიკეთოს ანალიზი, პასუხი უარყოფითი იყოს და მე -14 დღეს გახდეს დადებითი. ამიტომ აზრი აქვს ლაბორატორიულ გამოკვლევას, მხოლოდ და მხოლოდ თუ სიმპტომები დაეწყება ადამიანს. ეს მინდა, რომ ყველამ კარგად დაიმახსოვროს. თუ არცერთი დღე სიმტომები არ გამოვლინდება, იმას ანალიზი არ სჭირდება, ის ჯანმრთელია", - განაცხადა პაატა იმნაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად 15 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. 14 პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს, ერთი კი საჩხერის სამედიცინო ცენტრში.