მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა

აივ ინფექციის ტესტი

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 1-ელ დეკემბერს აღინიშნება და შიდსის პანდემიის მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

რა არის შიდსი?

შიდსი – შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომია.

შიდსს იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ). იგი ამ ვირუსით გამოწვეული დაავადების ბოლო სტადიას წარმოადგენს, როდესაც ძირითადი კლინიკური ნიშნების გამოვლენა ხდება.

აივ მიეკუთვნება რეტროვირუსების ოჯახს. მიუხედავად მეცნიერების მცდელობისა, ჯერჯერობით შიდსის მკურნალობის ეფექტური საშუალება არ არსებობს; თანამედროვე სამკურნალო პრეპარატებით შესაძლებელია დაავადების კონტროლი და მართვა, მისი ქრონიკულ დაავადებად გადაქცევა და შესაბამისად სიცოცხლის გახანგრძლივება. მკურნალობის საუკეთესო შედეგის მისაღებად, მნიშვნელოვანია აივზე დროული ტესტირება.

საიდან წარმოიშვა აივ ინფექცია?

აივ–ინფექციის წარმოშობის შესახებ მრავალი თეორია არსებობს. დღემდე სადავოა მისი ზუსტი წარმოშობის ადგილი. მეცნიერებს ყველაზე სარწმუნოდ მიაჩნიათ, რომ მაიმუნის იმონუდეფიციტის ვირუსმა ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ მუტაცია განიცადა.

რა სტადიებისაგან შედგება აივ/შიდსი?

მწვავე ინფექცია – ვირუსით დაინფიცირებიდან 2-4 კვირის განმავლობაში, გრიპის მსგავსი სიმპტომებით ვითარდება. აღნიშნულ სტადიას მწვავე რეტროვირუსული სინდრომი (ARS) ან პირველადი აივ ინფექცია ეწოდება. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მწვავე რეტროვირუსული სინდრომი ყველა შემთხვევაში არ ვითარდება. დაავადების ამ ეტაპზე, იმუნური სისტემის მნიშვნელოვანი CD4+ უჯრედების განადგურების ხარჯზე, ხდება იმუნოდეფიციტური ვირუსის ინტენსიური გამრავლება.

აქედან გამომდინარე CD4+ ლიმფოციტების რაოდენობა მკვეთრად მცირდება. მწვავე ფაზის დროს განსაკუთრებით მაღალია ინფექციის გადაცემის რისკი, რადგანაც ვირუსის რაოდენობა სისხლში მკვეთრად მომატებულია.

ქრონიკული (ასიმპტომური) აივ ინფექცია.

ამ შემთხვევაში ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი მრავლდება ნაკლები სიხშირით, არ ხდება კლინიკური სიმპტომების გამოვლენა. მაშინ როცა, მკურნალობის გარეშე ლატენტური პერიოდი საშუალოდ 10 წელი გრძელდება, ანტირეტროვირუსული თერაპიის (ART) ფონზე შესაძლებელია ადამიანის სიცოცხლე რამდენიმე ათეული წლით გახანგრძლივდეს.

შიდსის მკურნალობა
 
21-ე საუკუნის მედიცინა როგორ მკურნალობს აივ ინფექცია/შიდსს?

არსებობს ე.წ. ანტირეტროვირუსული მედიკამენტების მთელი ჯგუფი, რომლებიც ვირუსს სხვადასხვა კუთხით ებრძვის, ვირუსის კონცენტრაცია კონტროლირებულ მდგომარეობაშია ანუ ნულამდე დადის. შესაბამისად, ვირუსის დამაზიანებელი გავლენა მნიშვნელოვნად მცირდება და ადამიანი ჯანმრთელადაა. დღეისათვის შიდსი არაგანკურნებადი დაავადებაა, მაგრამ მართვადია.

სათანადო რეჟიმის და დანიშნულების შესრულების შემთხვევაში, ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლის ხარისხი არის კარგი. დათქმული ვადების ფარგლებში პაციენტები მუდმივად ცხადდებიან შესაბამის დაწესებულებაში, იტარებენ კვლევებს, რომლითაც მათი იმუნიტეტის მდგომარეობა, ვირუსის კონცენტრაცია ფასდება. შემდეგ კი, ექიმები, ანალიზების პასუხების მიხედვით შესაბამის რეაგირებას ახდენენ, როგორ უნდა შეცვალონ ან არ შეცვალონ მკურნალობის ტაქტიკა.

ცნობისთვის, საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის პირველი შემთხვევა 1989 წელს გამოვლინდა. შიდსი ნელა პროგრესირებადი ინფექციური დაავადებაა. მას იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ). ვირუსი ადამიანის ორგანიზმში შეჭრის შემდეგ აზიანებს ორგანიზმის იმუნურ (დამცველ) სისტემას და მწყობრიდან გამოჰყავს იგი, რის შედეგადაც ინფიცირებულ პირს ადვილად უჩნდება სხვადასხვა ინფექციური ან/და სიმსივნური დაავადება.

თანამედროვე კლასიფიკაციით აივ ინფექცია ეწოდება დაავადებას ვირუსით ინფიცირების მომენტიდან სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო ტერმინით შიდსი აღინიშნება აივ ინფექციის ბოლო სტადია, როდესაც ავადმყოფს უვითარდება დაავადების გარკვეული კლინიკური ნიშნები და/ან იმუნური სისტემის მძიმე დაზიანება.

აუცილებელია გვახსოვდეს, რომ მკურნალობის მიუხედავად, მაინც არსებობს სხვა ადამიანის დაინფიცირების საშიშროება. თუმცა, რისკი მნიშვნელოვნად მცირეა.

მსოფლიო შიდსთან ბრძოლის დღის აღნიშვნის იდეა 1988 წლის შიდსის პრევენციის პროგრამით ჯანდაცვის მინისტრების სამიტზე გაჩნდა.

ამავე თემაზე: 

✔️  „ბავშვებში შიდსი მეტი აგრესიულობით გამოირჩევა“ - ბლიცინტერვიუ ინფექციონისტთან