საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულ ზაზა გახელაძეს ერგნეთში დახვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უკანონო ტყვეობიდან გათავისუფლებული ზაზა გახელაძე Pia.ge
1626277193
დაკოპირებულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულ ზაზა გახელაძეს ერგნეთში დახვდა.

პრემიერი ერგნეთში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს გრიგოლ ლილუაშვილთან და შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტ ანდრიასთან ერთად იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურმა ზაზა გახელაძეს გათავისუფლება და ოჯახთან უვნებლად დაბრუნება მიულოცა.

ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. ცხინვალის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ მას 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს 8 მაისს შეხვდა და პირობა მისცა, რომ ზაზა გახელაძე გათავისუფლდებოდა.

მთავრობის მეთაური ზაზა გახელაძის ოჯახს საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად ცენტრალური ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ ძალისხმევის შესახებ, რომელსაც ხელისუფლება უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად, საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობით ახორციელებდა.