საზოგადოება

„პრემიერმა კონსტიტუცია დღეს თავზე გადაგვახია“ - თამარ კორძაია

„პრემიერმა კონსტიტუცია დღეს თავზე გადაგვახია“
1625477613
დაკოპირებულია

„პრემიერმა კონსტიტუცია დღეს თავზე გადაგვახია“ - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ, რუსთაველზე განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეებმა კარვები დაშალეს, სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში შეიჭრნენ და დაუპირისპირდნენ ჟურნალისტებსაც. მედიის წარმომადგენლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„ადამიანები, რომლებიც ხმას გაძლევენ ან არ გაძლევენ, გადასახადებს იხდიან და ამ ქვეყანაში ცხოვრობენ, ერთი თვეა გთხოვენ იმას, რომ მათი გამოხატვის თავისუფლება უზრუნველვყოთ და ამას ვერ ახერხებთ. ამის შემდეგ თქვენ ხელისუფლება ხართ? - თქვენ ხელისუფლება არ ხართ და არავითარი უფლება არა გაქვთ ილაპარაკოთ იმაზე, რომ წესრიგის დამყარების უნარი გაქვთ.

პარლამენტში პრემიერ-მინისტრმა თქვა, კონსტიტუციით ყველა დაცულია და დღეს მან კონსტიტუცია ყველას თავზე გადაგვახია. მან არ იცის, რას ნიშნავს კონსტიტუცია, მან არ იცის რა არის ადამიანის უფლებების დარღვევა.

დღეს ის კიდევ ახალისებს ძალადობას რადგან ეშინია, რომ ხვალ საპატრიარქო მის წინააღმდეგ გამოვა – სამწუხაროა, ბატონო ირაკლი, მეტი ძალა და უნარი რომ არ გაქვთ, სამწუხაროა, როდესაც ქვეყანას ასეთი პრემიერ-მინისტრი ჰყავს“ - აცხადებს თამარ კორძაია.

ინფორმაციისთვის, „პრაიდის კვირეული“ საქართველოში 1-5 ივლისს იმართება. კვირეულის ფარგლებში სულ 3 ღონისძიება დაიგეგმა. 1-ელ ივლისს დოკუმენტური ფილმის კინოჩვენება გაიმართა, 3 ივლისს - პრაიდ ფესტივალი, კვირეულის მთავარი აქტივობის, „ღირსების მარშის“ ჩატარება კი 5 ივლის დაიგეგმა.

„ღირსების მარშის“ ჩატარების წინააღმდეგ მობილიზებულები არიან ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები. მარშის გაპროტესტებისკენ მოწოდება გააკეთა საპატრიარქომაც. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა „საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ბავშვთა საინიციატივო ჯგუფის“ სახელით გაავრცელა განცხადება და 18 წლამდე ასაკის ბავშვებსაც მოუწოდა რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ.

5 ივლისს „რუსთაველის“ გამზირზე სიტუაცია დაიძაბა. პარლამენტის შენობასთან „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაშლილი კარვები დაარბიეს, ხოლო შემდეგ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მოგვიანებით, „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის წარმომადგენლებმა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისი დაარბიეს.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. ვითარება ამ დრომდე დაძაბული რჩება.

იხილეთ აგრეთვე:

პარლამენტის წინ „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეები ჟურნალისტებს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

ირაკლი ღარიბაშვილი: მე, როგორც პრემიერ-მინისტრი და მთავრობის მეთაური, არ დავუშვებ არავითარ ქაოსს და სამოქალაქო დაპირისპირებას

„თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეები მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში შეიჭრნენ (ვიდეო)

„ღირსება სხვა რამეა, მაგას უნდა დაერქვას ლგბტ მარში “ - რუსთაველის გამზირზე მეუფე იაკობი მივიდა