საზოგადოება

პრეზიდენტმა სახალხო დამცველთან ქვეყანაში მიმდინარე პროცესები განიხილა

პრეზიდენტმა სახალხო დამცველთან ქვეყანაში მიმდინარე პროცესები განიხილა
1626103437
დაკოპირებულია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ვრცელი და ღია საუბარი შედგა მიმდინარე პროცესებთან, 5-6 ივლისის მოვლენებთან და ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე, ერთი მხრივ, პრეზიდენტმა, როგორც კონსტიტუციით ადამიანის უფლებების დაცვის გარანტმა და მეორე მხრივ, ომბუდსმენმა, როგორც ადამიანის უფლებების დამცველმა შექმნილი დაძაბული მდგომარეობის განმუხტვისა და დაპირისპირების შემცირების საკითხი განიხილეს.

შეგახსენებთ, რომ 5-6 ივლისს თბილისში რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციას მართავდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსა და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა.

ლექსო ლაშქარავა საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.