საზოგადოება

პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარესთან და წევრებთან დაკავშირებით ალოგიკური და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო - დავით ჩიხელიძე

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე Pia.ge
1659797343
დაკოპირებულია

„პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარესთან და წევრებთან დაკავშირებით ალოგიკური და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, საკონკურსო კომისიამ პრეზიდენტს ცესკოს თავმჯდომარეობის, ასევე, წევრობის სამ სამი კანდიდატი შესთავაზა, პრეზიდენტმა კი პარლამენტს 2-2 კანდიდატი წარუდგინა, პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატთა შორის არ არის ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, ხოლო ცესკოს წევრის ვაკანტურ პოზიცია პრეზიდენტმა პარლამენტს მხოლოდ ორი წევრი წარუდგინა, მეორე წევრის შესარჩევი კონკურსი ხელახლა ჩატარდება“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივაცია და კრიტერიუმები ბუნდოვანია.

როგორც ჩიხელიძე წერს, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს:

„გადაწყვეტილების პროცესში, ბუნდოვანია პრეზიდენტის მოტივაცია და კრიტერიუმები. მით უფრო, მაშინ თუ პრეზიდენტის გასულ გადაწყვეტილებებს გავიხსენებთ, მან ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე ორჯერ წარადგინა გიორგი კალანდარიშვილი, რომელმაც მაღალი კომპეტენცია და პროფესიონალიზმი გამოავლინა. კალანდარიშვილის დროს ცესკოს ადმინისტრაცია თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა, გატარდა არაერთი რეფორმა, დაინერგა ტექნოლოგიური სიახლეები, მოხდა ცესკოს გამჭვირვალობის და სანდოობის ზრდა. ასევე, პრეზიდენტმა პარლამენტს ორჯერ წარუდგინა, ცესკოს მოქმედი წევრების მაიკო ზარიძის და გია ცაცაშვილის კანდიდატურები, რომლებიც ასევე მაღალი კომპეტენციით გამოირჩეოდნენ, მათ საკუთარი პროფესიონალიზმი, მუშაობის პროცესში დაამტკიცეს. მოცემული მომენტისთვის კი პრეზიდენტმა ისინი პარლამენტს არ წარუდგინა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩემთვის როგორც რიგითი ამომრჩევლისთვის და საარჩევნო საკითხზე მომუშავე ადამიანისთვის, პრეზიდენტის გადაწყვეტილება ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს!“ - წერს დავით ჩიხელიძე.

ცნობისთვის, 6 აგვისტოს პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები წარუდგინა. წარდგენილ კანდიდატებს შორის  გიორგი კალანდარიშვილი ვერ მოხვდა.