საზოგადოება

რა არის პოლიომიელიტი და როგორ ვრცელდება იგი?

პოლიომიელიტი
1656008299
დაკოპირებულია

22 ივნისს დიდ ბრიტანეთში პოლიომიელიტის ვირუსი აღმოაჩინეს, რის გამოც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ქვეყანაში ამ დაავადებით დაინფიცირებული ადამიანების შემთხვევები არ დაფიქსირებულა, მაგრამ ექიმები ნებისმიერი სცენარისთვის მზადყოფნაში არიან.

რა არის პოლიომიელიტი და როგორ ვრცელდება იგი?

პოლიომიელიტი არის სერიოზული ინფექცია, გამოწვეული ვირუსით, რომელიც ადვილად ვრცელდება ინფიცირებული პირის განავლით და ნაკლებად ხშირად ჰაერწვეთოვანი გზით, როდესაც ისინი ახველებენ ან აცემინებენ. 

იგი უმეტესად ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებს ემართებათ.

ინფექციით დაავადებულთა უმრავლესობას არ აქვს სიმპტომები, მაგრამ ზოგიერთს შემდეგი სიმპტომები აღენიშნება:

🔴 მაღალი ტემპერატურა

🔴 ყელის ტკივილი

🔴 თავის ტკივილი

🔴 კუჭის ტკივილი

🔴 კუნთების ტკივილი 

ინფიცირებულთა მცირე რაოდენობას, ასიდან ერთს, უვითარდება სერიოზული პრობლემები, როდესაც პოლიომიელიტი ნერვულ სისტემაში შეიჭრება. მსგავს შემთხვევაში დააავადება დამბლას იწვევს.  

ამ დროს ინფიცირებულებს გადაადგილების უნარი ეზღუდებათ, ეს შეიძლება სიცოცხლისთვისაც საშიში იყოს, განსაკუთრებით თუ დამბლა გავლენას სუნთქვისთვის განკუთვნის კუნთებზე მოახდენს.

რა ასაკში იკეთებენ პოლიომიელიტის ვაქცინას?

რამდენიმე წლის წინ პოლიომიელიტის ვირუსის საწინააღმდეგოდ ორალური გზით მისაღები ვაქცინა გამოიყენებოდა, თუმცა ახლა მისი საინექციო ფორმაა ხელმისაწვდომი. 

ვაქცინის 5 დოზას ძირითადად, 8 კვირიდან 14 წლამდე ასაკის ბავშვებს უკეთებენ.

იმისათვის, რომ ადამიანი დაავადების წინააღმდეგ სრულიად იმუნიზირებული იყოს, მან ვაქცინის ყველა დოზა უნდა გაიკეთოს.

გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ვირუსზე ბავშობაში არ აცრილა, მას შეუძლია, რომ ვაქცინაცია ნებისმიერ დროს ჩაიტაროს. 

როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები პოლიომიელიტისგან?

ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ვაქცინის პირველი სამი დოზა, რომლებსაც მცირეწლოვან ბავშვებს უკეთებენ, ვირუსის წინააღმდეგ ძალიან კარგ დაცვას გვთავაზობს.

თუმცა, 100%-იანი პრევენციის მიზნით, საჭიროა, რომ ადამიანმა ვაქცინაციის სრული კურსი ჩაიტაროს. 

არის თუ არა პოლიომიელიტი პრობლემა მთელ მსოფლიოში?

შემთხვევების რაოდენობა 1988 წლის შემდეგ 99%-ით შემცირდა. 2019 წელს გლობალურად 175-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. 

ყველა კონტინენტი, აზიის გარდა, პოლიომიელიტისგან „თავისუფალია“.

არის რამდენიმე ქვეყანა, სადაც ეს დაავადება ჯერ კიდევ გვხვდება. მათში შედის ომით განადგურებული ავღანეთი და პაკისტანი, რომლებშიც ვაქცინაციის ჩატარება რთული იყო. 

არსებობს თუ არა სხვადასხვა სახის პოლიომიელიტი?

ველური პოლიომიელიტი ვირუსის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი, უფრო იშვიათი ტიპი, რომელიც დაკავშირებულია ვაქცინის ორალურ ფორმასთან.

ვაქცინა ორგანიზმს შესანიშნავად იცავს ველური პოლიომიელიტისგან და მარტივი გამოსაყენებელია, თუმცა ის შეიცავს ვირუსის დასუსტებულ, ცოცხალ ფორმას, რომელიც შეიძლება უვნებლად გამრავლდეს ნაწლავებში. 

იშვიათ შემთხვევებში ეს დასუსტებული ფორმა შეიძლება, რომ არავაქცინირებულ ადამიანებზე გავრცელდეს, დროის გასვლის შემდეგ კი ვაქცნისგან მიღებულმა ვირუსმა შესაძლოა, მუტაცია განიცადოს და ველური პოლიომიელიტის მსგავსი გახდეს. 

ქვეყნების უმრავლესობა ადამიანებს ვაქცინის ინექციური ფორმით ცრის, რომელიც ვირუსის მკვდარ ვერსიას შეიცავს. 

საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ვაქცინის ორივე ტიპი უვნებელია, რადგან ორალური ფორმის ვაქცინით გამოწვეული ინფიცირების ალბათობა ძალიან დაბალია. 

რატომ დაბრუნდა პოლიომიელიტის ვირუსი?

პოლიომიელიტის ვირუსის მცირე რაოდენობის ნიმუშები ყოველწლიურად ვლინდება დიდ ბრიტანეთში კანალიზაციის რუტინული შემოწმების დროს. თუმცა, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გენეტიკურად დაკავშირებული კლასტერი არაერთხელ იქნა ნაპოვნი რამდენიმე თვის განმავლობაში.

ლონდონში აღმოჩენილი პოლიომიელიტის ვირუსი, სავარაუდოდ, ეკუთვნის ადამიანს, რომელმაც ცოტა ხნის წინ მიიღო ორალური ფორმის პოლიომიელიტის ვაქცინა. სავარაუდოდ, ის გადაეცა სხვა ადამიანს და მას შემდეგ დაინფიცირდა რამდენიმე სხვა, მაგრამ სამედიცინო დახმარება არცერთს არ დასჭირდა.

ფართო საზოგადოებაში მისი გადადების რისკი დაბალია, მაგრამ ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირები ხალხს მოუწოდებდნენ, პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ, რათა შესაძლო ინფიცირების რისკი შეამცირონ. 

მასალა მომზადებულია BBC-ის მიხედვით.