საზოგადოება

რას აცხადებენ ფრენების შეწყვეტის გამო იტალიაში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები და როდის შეძლებენ დაბრუნებას

ფრენა იტალიიდან
1583578088
დაკოპირებულია

საქართველოს მიერ იტალიასთან დროებით ფრენების შეჩერების შემდეგ, ამავე ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნების გზებს ეძებენ.

გივი ჯიბლაძე იტალიაში მყოფი ერთ-ერთი ქართველი ტურისტია, რომელიც კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით დროებით შეჩერებული ავიამიმოსვლის გამო, საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებს.

ჯიბლაძე PIA.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ იტალიაში საქართველოს საკონსულოს თავად დაუკავშირდა და ახლა პასუხს ელოდება.

"პირადად მე არავინ დამკავშირებია. საკონსულოსთან გავედი კონტაქტზე. მათთან კონტაქტზე რომ არ გავსულიყავი, სავარაუდოდ, არც არავინ დამიკავშირდებოდა. ამ ეტაპისთვის, მათგან პასუხს ველოდები. ქალაქ ბარში ჩამოსული ვარ, როგორც ტურისტი და ხვალ, 8 მარტს მეწურება აქ ყოფნის დრო. შესაბამისად, სასტუმროც 8 მარტს უნდა დავტოვო. ფრენა, რომელიც 8 მარტს მქონდა, გაუქმებულია", - ამბობს ტურისტი.

საქართველოს მოქალაქე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ თუ მას იტალიაში დარჩენა დამატებით რამდენიმე დღით მოუწევს, ამისთვის ფინანსური სახსრები არ გააჩნია.

"8 მარტის რეისი გადაცვლილია 13 მარტის რეისზე, რომელიც ბერლინიდან ქუთაისის მიმართულებით შესრულდება. თუმცა, არ ვიცი ამ ხუთი დღის განმავლობაში რა უნდა ვქნა. სავარუდოდ, მეტყვიან, რომ იტალიიდან ბერლინში უნდა წავიდე და შემდეგ ჩამოვიდე საქართველოში, ამას კი არ ვაპირებ, რადგან რვაში უნდა შევიდე საელჩოში. ფიზიკურად ფინანსური სახსრებიც არ გამაჩნია, რომ ამ დროის განმავლობაში უზრუნველვყო იტალიაში ჩემი ყოფნა და ხარჯები", - აღნიშნა გივი ჯიბლაძემ.

მსგავს პრობლემაზე საუბრობს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ნანა ბექაია, რომელიც იტალიაში პირადი საქმისთვის არის ჩასული. ის ამბობს, რომ საელჩოსგან ელოდება პასუხს, თუ როდის იქნება შესაძლებელი სპეციალური რეისით მისი საქართველოში დაბრუნება.

"გუშინ თავად მივმართე საქართველოს საელჩოს, გადავაგზავნე ჩემი მონაცემები. მათივე განცხადებით, აპირებენ რომ რეისი დაგეგმონ. მაცნობებენ როდის იქნება და რომელი ქალაქიდან. ამ ეტაპზე, სხვა არაფერი ვიცი. პირადი საქმისთვის ჩამოვედი მილანში", - ამბობს ბექაია.

საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ 6 მარტს მიიღო გადაწყვეტილება იტალიის რესპუბლიკასთან დროებით შეწყვიტოს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ განაცხადეს, რომ საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც იმყოფებიან იტალიის რესპუბლიკაში და მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შეძენილი, ან დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები იმ რეისებზე, რომლებიც გაუქმდა საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის 6 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოში ჩამოსვლას უზრუნველყოფს მთავრობა.

"ამისათვის საჭიროა საქართველოს მოქალაქეებმა იტალიაში საქართველოს საელჩოს ელექტრონულ მისამართზე hotline.rome@mfa.gov.ge გამოაგზავნონ პირადი მონაცემები, პასპორტის, ბილეთების, ან ბილეთების ჯავშანის ასლები და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი",- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში PIA.GE-ს დღეს განუცხადეს, ჯერჯერობით უცნობია, როდის განხორციელდება ავიარეისი, რომლითაც მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, გლობალურად, ამ ეტაპზე, დადასტურებულია კორონავირუსის 100 ათასამდე შემთხვევა 76 ქვეყანაში, აქედან გარდაცვლილია 3 198 ადამიანი.

7 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 12 პირია ინფიცირებული.