მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რევაზ სოხაძე: სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს, არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის

საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე

თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-13 ფორუმი მიმდინარეობს, რომელშიც საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ, მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს. 

ფორუმზე რევაზ სოხაძემ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა, როგორიცაა ურბანული განვითარების თანამედროვე ტენდენციები და საჭიროებები, ასევე ყურადღება გაამახვილა სატრანსპორტო პოლიტიკაზე, რომელსაც მუნიციპალიტეტი ატარებს.

„სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ აუცილებელია. ეს ქალაქი არის იყო ისე დაგეგმილი, რომ ამ რაოდენობის ავტომობილზე ყოფილიყო გათვლილი,, შესაბამისად რეფორმის გარეშე ჩვენ ძალიან მალე მივიღებთ სატრანსპორტო კოლაფსს. თავიდან რეფორმა იწვევს დისკომფორტს, თუმცა შედეგად მივიღებთ მოსახლეობის ქცევის წესების ცვლილებას, ფეხით მოსიარულეთათვის და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის კი - უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. სასურველია, რომ მოკლე მანძილზე კერძო ავტომობილებით გადაადგილება არ გვიწევდეს, რადგან ქალაქში საცობებს სწორედ ეს ქმნის“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

როგორც საკრებულოს დეპუტატმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია შეიქმნას სატრანსპორტო დერეფნები, რაც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილებას. მისი თქმით, რეფორმა საშუალებას იძლევა ყველამ დაიცვას საგზაო მოძრაობის წესები.

თბილისის საკრებულოს ურბანული განვითარებისა და დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარემ სესიაზე დეტალურად ისაუბრა ქალაქის გენერალური გეგმის ცვლილებებსა და განაშენიანების განვითარებაზე.

მისი თქმით, ქალაქი ათწლეულების მანძილზე უსისტემოდ ვითარდებოდა. შესაბამისად, გაყიდული და გასხვისებულია უზარმაზარი ტერიტორიები.

„მუნიციპალიტეტისთვის ურბანული ცოცვა ძალიან დიდ გამოწვევასთან არის დაკავშირებული. რაც უფრო დიდ ტერიტორიაზე ხდება განაშენიანება, მით მეტი საჭიროებაა. ქალაქისთვის მათი მომსახურება ძალიან დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული. საჭიროა კომუნიკაციები, ტრანსპორტი. აუცილებელია ქალაქის პოლიცენტრული განვითარება, რაც გულისხმობს თვითკმარი უბნების შექმნას“, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

საკრებულოს დეპუტატმა საუბრის დასასრულს ყურადღება გაამახვილა ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაზე და მასში მოსახლეობის ჩართულობის აუცილებლობაზე.

მისი თქმით, ორი პროექტი უკვე დაწყებულია და მიმდინარე წლის ბოლომდე 20-მდე პროექტის დაწყება იგეგმება.