მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის დროშის ჩამოხევისთვის დასჯილი მოსწავლის ფაქტზე ბათუმში სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

დროშა

ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლემ სკოლის სტენდზე სხვა ქვეყნების ეროვნულ სიმბოლოებთან ერთად გაკრული რუსეთის დროშა ჩამოხია, რის შემდეგაც მოსწავლე სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას გააგდეს. სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეს სკოლის ინვენტარის დაზიანებისთვის საყვედური გამოუცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია 29 სექტემბერს გავრცელდა, რასაც საზოგადოებისა და მედიის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა.

ოკუპანტი ქვეყნის სიმბოლო საგანმანათლებლო დაწესებულების დერეფანში, სხვა ქვეყნების დროშებთან ერთად იყო განთავსებული. ამავე სტენდზე აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ იყო გამოტანილი. 

აღნიშნულ ფაქტს საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.

მომხდარი ფაქტის გახმაურების შემდეგ, სკოლის დირექტორმა პოზიცია შეიცვალა და განაცხადა, რომ მოსწავლე სკოლიდან არ გაუგდია და მას მხოლოდ შენიშვნა მისცა. 

„არანაირი პასუხისმგებლობა არ დაგვიკისრებია. როგორ ფიქრობთ, ბავშვს ერთ დღეში ვინმე სკოლიდან გარიცხავდა? შენიშვნა მივეცით, რომ სკოლის ნივთი არ უნდა გაფუჭდეს. გარიცხვა ასე არ ხდება. ამ დროშების თაობაზე ამ წუთს კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს ყველაფერი გაკეთდა სასწავლო პროცესი რომ იწყებოდა“, - აცხადებს სასწავლო ნაწილის გამგე. 

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მაია ხაჯიშვილის თქმით, ბათუმის მე-7 სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

განათლების სამინისტროს ცნობით, მომხდარის ფაქტის შესახებ საქმის მოკვლევა დაწყებულია.