საზოგადოება

„სააკაშვილი მზად არის გადავიდეს ჰოსპიტალში“ - ნიკოლოზ ყიფშიძე

სააკაშვილის პირადი ექიმი
1634754050
დაკოპირებულია

„მიხეილ სააკაშვილი მზად არის გადავიდეს ჰოსპიტალში. ეს დღეს და ხვალ არ მოხერხდება. შაბათს, კვირას, ან არ ვიცი ზუსტად, როდის“, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ პატიმრის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის და იუსტიციის სამინისტროებთან კიდევ იქნება გასავლელი სხვადასხვა საკითხები, რის შემდეგადაც მიხეილ სააკაშვილს, ალბათ, საავადმყოფოში გადაიყვანენ.

ექიმის განმარტებით, ჰოსპიტალიზაცია ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან შიმშილობის შეწყვეტას არ ნიშნავს.

ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ამ დროისთვის უცნობია რა ვადით ან რომელ კლინიკაში დააწვენენ მიხეილ სააკაშვილს.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

10 ოქტომბრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დამაკმაყოფილებელია.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ციხეში ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი დააკვირდება.

მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება, თუმცა, მოგვიანებით, უკრაინის პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილის ექსტრადირებას არ ითხოვს.

14 ოქტომბერს თბილისში სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. ექსპრეზიდენტმა მრავალრიცხოვანი აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 „თანახმა ვარ მედიკამენტოზურ ჩარევაზე“ - მიხეილ სააკაშვილი

🔴 ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენთვის აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის, ჩვენთვის მთავარია, ჩვენი ხალხი რას იტყვის

🔴 „სააკაშვილი არ ჩაბარებულა, შემოიპარა, როგორც ვირთხა და დააკავეს“ - მიხეილ ყაველაშვილი

🔴„ჩემი შემოთავაზება ასეთია, დაიწყოს საქართველოში დიდი შერიგება“ - თაკო ჩარკვიანი

🔴„დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია“ - მეუფე შიო