მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილზე საპატრიარქოს განცხადება ილია მეორესთან შეთანხმებული იყო“ - მამა ანდრია ჯაღმაიძე

მამა ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს განცხადება, რომელიც მეუფე ნიკოლოზის მიერ ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შესახებ პოზიციას ეხება, ილია მეორესთან შეთანხმებული იყო. ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას განაცხადა. 

მისი თქმით, განცხადების მიზანი ეკლესიის პოლიტიკური ვითარებისგან დისტანცირებას ეხებოდა. 

„ეს განცხადება თავიდან ბოლომდე ემსახურებოდა იმას, რომ საპატრიარქოს და ეკლესიას მოვარიდოთ ამ მძაფრ სიტუაციაში, პოლიტიკაში ჩართვა. მხოლოდ ეს იყო ამ განცხადების მიზანი. 

ჩვენ ვნახეთ მეუფე ნიკოლოზის ემოციურ კომენტარსა და განცხადებაში შიმშილობის განმარტება, როგორც მარხვა და კიდევ სხვა რაღაცები, რაც ეკლესიას არ ეხებოდა. ისეთი დაძაბული გარემოა, რომ ამან ვნებათაღელვა გამოიწვია“, - აღნიშნა მამა ანდრია ჯაღმაიძემ. 

მისი პოზიციით, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება და ამას ქრისტიანულ მარხვასთან კავშირი არ აქვს. 

„როდესაც ადამიანი თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობას თვითონ აყენებს რისკის ქვეშ, ხომ უნდა განსაზღვროს, ღირს ეს თუ არა. თუ მან გადაწყვიტა, რომ ეს ფასი ღირს. თავისი ნებით შიმშილობს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, მეტი რა გავაკეთოთ?“, - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

მან ასევე ისაუბრა პატრიარქისა და ექსპრეზიდენტის დედის გიული ალასანიას შეხვედრაზე. მამა ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ილია მეორემ იმედი გამოთქვა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ჩართულობა შექმნილი რთული ვითარებიდან  გამოსავალი იქნება. 

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

მეუფე ნიკოლოზმა 8 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი აზიარა და განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტმა 40 დღე იმარხულა, აღსარება ჩააბარა და წმინდა ზიარება ღირსეულად მიიღო. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „საპატრიარქოს განცხადება არის რუსული ნარატივი, რომლის ავტორებს ხელმოწერის დაფიქსირება მოერიდათ“ - გოჩა ბარნოვი

👉 „სააკაშვილმა 40 დღე იმარხულა, აღსარება ჩააბარა და მიიღო წმინდა ზიარება“ - მეუფე ნიკოლოზი

👉 „პოლიტიკური მოტივებით განპირობებული შიმშილობის გაიგივება 40-დღიან მშრალ მარხვასთან, მარხვის არსის დაკნინებაა“ - საპატრიარქო