საზოგადოება

საგარეო უწყება მოქალაქეებისთვის, რომლებიც მაღალი რისკის ქვეყნებიდან მგზავრობენ, რეკომენდაციებს აქვეყნებს

საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა
1583588830
დაკოპირებულია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მაღალი რისკის ქვეყნებიდან მგზავრობენ, რეკომენდაციებს აქვეყნებს.

როგორც საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ რეკომენდაციაშია აღნიშნული, შექმნილი ვითარების გამო საქართველოს საზღვრის კვეთისას მოქალაქეებმა მნიშვნელოვანია გაითვალისწინონ დაწესებული გარკვეული შეზღუდვები.

"თვითმფრინავში ყოფნისას: ავსებთ სპეციალურ კითხვარს თქვენი მოგზაურობის ისტორიის შესახებ, ბორტზე აუცილებელია ნიღბის ტარება, რომელიც უნდა შეიცვალოს ყოველ ორ საათში ახალი ნიღბით, ხოლო ძველი მოათავსეთ ნარჩენების პარკში, მკაცრად დაიცავით პირადი ჰიგიენის წესები: კვების წინ დაიბანეთ ხელი წყლითა და საპნით, ან გამოიყენეთ ხელის დასამუშავებელი სპირტის შემცველი ხსნარი. ტუალეტით სარგებლობის შემდეგ დაიბანეთ ხელი წყლითა და საპნით, ან გამოიყენეთ ხელის დასამუშავებელი სპირტის შემცველი ხსნარი. მოერიდეთ ახლო კონტაქტს ადამიანებთან, ვისაც აღენიშნება ცხელება და ხველა, მოერიდეთ ცხვირზე, თვალსა და პირზე ხელის ხშირ შეხებას", - ნათქვამია რეკომენდაციაში.

საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, გადაუდებელი აუცილებლობის არ არსებობის შემთხვევაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

"მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის არ არსებობის შემთხვევაში თავი შეიკავონ მოგზაურობისგან ჯანმო-ს მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში, კერძოდ ჩინეთში,კორეის რესპუბლიკაში,იტალიაში, ირანში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზემოთხსენებულ ქვეყნებში მოგზაურობის შემთხვევაში, ან ზემოთხსენებულ ქვეყნებში ტრანზიტად ყოფნის შემთხვევაში, საქართველოს დაბრუნებისას ვალდებული ხართ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებაროთ დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი ხართ გაიაროთ 14 დღიანი საკარანტინო პროცედურა", - აცხადებენ სამინისტროში.