
„ოპოზიციას წაკითხულის გააზრების და ანალიზის პრობლემა აქვს. დღეს ბიძინა ივანიშვილის წერილი გამოქვეყნდა, რომელშიც რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი იკითხებოდა, მაგრამ ოპოზიციამ, როგორც სჩვევიათ, საკუთარი რეალობის წარმოჩენა სცადა, რეალობა კი ერთი არსებობს, წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც ოპოზიცია ფონს მოდელირებული რეალობით გადიოდა“, - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც ის ადასტურებს, რომ 21 მარტს მასსა და ამერიკის ელჩ კელი დეგნანს შორის შეხვედრა ნამდვილად შედგა.
ჩიხელიძის თქმით, კელი დენანმა პატივი უნდა სცეს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას და ქვეყანაში არსებულ კითხვებს ამომწურავი პასუხი გასცეს:
„რამდენიმე დღის წინ კელი დეგნანისგან მოვისმინეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ბოლოს დიდი ხნის უკან ნახა და მასთან რაიმე საუბარი ომთან და შანტაჟთან დაკავშირებით არ ყოფილა. დღეს კი გავიგეთ, რომ 21 მარტს ქალბატონი ელჩის ინიციატივით ბატონ ბიძინასთან შეხვედრა გაიმართა. რატომ მოიტყუა ელჩმა და რაში დასჭირდა ტყუილი? ალბათ ყველას გვახსოვს, რომ უკრაინაში ომის დაწყების პირველი დღეებიდან აფხაზეთში გასეირნებისკენ აქტიურად მოგვიწოდებდნენ, ომში ჩართვის ირიბი და პირდაპირი განცხადებები სწორედ მარტის შუა რიცხვებში მომრავლდა, 21 მარტს კი აღნიშნული შეხვედრა შედგა. უცნაური დამთხვევა ან წინასწარ დაგეგმილი „შემთხვევითობაა“.
ფაქტი ერთია, საქართველოს მთავრობამ არნახულ ზეწოლას გაუძლო, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებით საქართველომ, ომი მშვიდობით ჩაანაცვლა. რა თქმა უნდა, ერთი შეხვედრა, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას არ შეცვლის, მაგრამ არსებობს გარკვეული ბუნდოვანება, ნათელის მოფენა კი დეგნანს შეუძლია, მან პატივი უნდა სცეს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას და ქვეყანაში არსებულ კითხვებს ამომწურავი პასუხი გასცეს. პ.ს. არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.
ცნობისთვის, 27 ივლისს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ადასტურებს, რომ აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს ნამდვილად შეხვდა.
როგორც ივანიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა.
მისივე თქმით, ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული.
როგორც ივანიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს საკითხი დღესაც აქტუალურია.
აგრეთვე, დაგაინტერესებთ:
✅ გამოკითხვა - თქვენი აზრით, რა როლი აქვს ბიძინა ივანიშვილს დღევანდელ პოლიტიკაში?
✅ „ბიძინა მთავარს ვერ აცნობიერებს, ისტორიამ მას დააკისრა პროცესებზე პასუხისმგებლობა“ - გია ხუხაშვილი