საზოგადოება

საქართველოს SEPA-ში გაწევრიანების საკითხზე, პარლამენტში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს SEPA-ში გაწევრიანების საკითხზე, პარლამენტში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა
1658943005
დაკოპირებულია

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ,  მაკა ბოჭორიშვილმა  ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA-ში) საქართველოს გაწევრიანების საკითხზე ეროვნული ბანკის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

„ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA-ში) საქართველოს გაწევრიანება მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნის საფინანსო სექტორისთვის", - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ. მისი თქმით, ევროზონაში საბანკო გადარიცხვები გამარტივდება და გაიაფდება, რაც სასარგებლოა, როგორც ბიზნესისთვის ასევე მოქალაქეებისთვის. 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის,  მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, სასურველია, საქართველომ  SEPA-ში გასაწევრიანებლად განაცხადისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დროულად დაასრულოს და მომზადდეს ის საკანონმდებლო ცვლილებები, რაც SEPA-ს კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად არის საჭირო. 
შეხვედრაზე ისაუბრეს SEPA-ს გეოგრაფიულ სივრცეში გაწევრიანებისთვის  აუცილებელ საკანონმდებლო ინიციატივების მომზადებაზე. კომიტეტის თავმჯდომარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ ამ მიმართულებით საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო პროცესის დროულ წარმართვას.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები: არჩილ მესტვირიშვილი და პაპუნა ლეჟავა, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმების დეპარტამენტის უფროსი, გიორგი გურგენიძე.