მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შსს ბათუმში კორპუსის ჩამონგრევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შსს ბათუმში კორპუსის ჩამონგრევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მოხდა სამაშველო და საპოლიციო ძალების მობილიზება, ასევე, ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობელი ბინებიდან, ასევე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ამ დროისთვის, მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ადგილზე უკვე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, მათ შორის ავტოკიბე. დამატებით, ასევე, მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები.

მიმდინარეობს აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება. შემთხვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შემოსაზღვრულია ტერიტორია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ასევე, ადგილზე მყოფ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, დაემორჩილონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🆘 ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა - მიმდინარე ამბები (Live)

👉 პირველადი ინფორმაციით, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის მიზეზად გაზის აფეთქება გამოირიცხა

👉 ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა (ვიდეო)

👉 ბათუმში ნანგრევებიდან ბავშვი ამოიყვანეს (ვიდეო)